რუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე არ დაიშვებიან

რუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე არ დაიშვებიან

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები, პარიზში გასამართ ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე არ დაიშვებიან. გარკვეული ტიპის შეზღუდვები ქვეყნებს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაუწესდათ.

Associated Press-ის ცნობით, სავარაუდოდ, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები გახსნის ღონისძიებას მხოლოდ მაყურებელთა რიგებში დაესწრებიან, დელეგაციების აღლუმში კი არ ჩაერთვებიან. კომიტეტის განცხადებით, მათ შემთხვევაში გამოყენებული იქნება იგივე პროტოკოლი, რომელიც 1992 წლის თამაშებში, იუგოსლავიიდან მონაწილე დამოუკიდებელ სპორტსმენებს შეეხებოდათ – იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკის და მაკედონიის რესპუბლიკის სპორტსმენები ოლიმპიადაზე ინდივიდუალურად იღებდნენ მონაწილეობას.

მსგავსად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დაუშვა, თუმცა მხოლოდ დამოუკიდებელ, ნეიტრალურ ოლიმპიელთა რანგში. დაწესებული შეზღუდვით, ისინი თამაშებში ჩაერთვებიან იმ შემთხვევაში, თუ არ წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას ან მათ ქვეყანასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას. თუმცა ის სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, ღონისძიებაზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

იმ შემთხვევაში, თუ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მედლის მოპოვებას შეძლებენ, ცერემონიაზე ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენის დროშა აღიმართება და ჯგუფის ჰიმნი შესრულდება. საერთო ჯამში, ოლიმპიადაზე მონაწილეობას 58 დამოუკიდებელი, რუსი და ბელარუსი სპორტსმენი მიიღებს – 36 მათგანი რუსული, ხოლო 22 ბელარუსის პასპორტით.