რუსული „მაკდონალდსი“ ყაზახეთში სავაჭრო ნიშნის მოპოვებაზე განაცხადს აკეთებს

რუსული „მაკდონალდსი“ ყაზახეთში სავაჭრო ნიშნის მოპოვებაზე განაცხადს აკეთებს

რუსეთში McDonald’s-ის რესტორნების ჩამნაცვლებელი ქსელი Vkusno & tochka ჯერ კიდევ ივნისში გამოჩნდა. ახლა კი რუსული ბრენდი მეზობელ ყაზახეთს, ბაზრიდან McDonald’s-ის გასვლის შემდგომ, სავაჭრო ნიშნების დასარეგისტრირებლად მიმართავს. ინფორმაციას თავად ყაზახეთის მთავრობა ავრცელებს.

ამერიკულმა რესტორნების ქსელმა McDonald’s-მა ყაზახეთის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიმდინარე თვეში მიიღო. McDonald’s-სა და ამერიკული კომპანიის ყაზახურ ლიცენზიანტს შორის ხელშეკრულება შეწყდა, მიზეზად კი მიწოდების პრობლემები დასახელდა. თუმცა, როგორც გამოცემა Reuters-ი, შეთანხმების შეწყვეტამდე წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, McDonald’s Kazakhstan-მა რუსეთიდან მარაგის შესყიდვა შეწყვიტა, მისი ჩანაცვლება კი კომპანიისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ McDonald’s-ის გარდა, მიწოდების პრობლემების წინაშე ყაზახეთში ბიზნესის დიდი ნაწილი დადგა. მიწოდების პრობლემები თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვისთვის დაწესებული დასავლური სანქციების შედეგია. რუსეთი მეზობელი ყაზახეთისთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა რესტორნების ქსელმა McDonald’s-მა რუსეთში ბიზნესის გაყიდვისა და რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, მაისის შუა რიცხვებში განაცხადა. რუსეთში McDonald’s-ის ბიზნესი ადგილობრივმა ლიცენზიანტმა ალექსანდრ გოვორმა შეიძინა, რომელმაც ივნისში Vkusno & tochka ბრენდი წარადგინა. ცნობისთვის, McDonald’s-მა მომდევნო 15 წლის განმავლობაში ბიზნესის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.