რუსული Rosneft-ი ინდოეთს ყოველდღიურად 500,000 ბარელ ნავთობს მიაწვდის

რუსული Rosneft-ი ინდოეთს ყოველდღიურად 500,000 ბარელ ნავთობს მიაწვდის

რუსეთმა და ინდოეთმა ქვეყნების პარტნიორობის ისტორიაში უმსხვილესი ენერგეტიკული შეთანხმება გააფორმეს. წყაროს მიერ ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ი ინდურ კერძო საკუთრებაში არსებულ გადამმუშავებელ Reliance-ს ყოველდღიურად 500,000 ბარელ ნედლ ნავთობს მიაწვდის.

ქვეყნებს შორის გაფორმებული 10-წლიანი შეთანხმება ნავთობის გლობალური მიწოდების 0.5%-სა და, დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, წლიურად $13 მილიარდის ბრუნვას შეადგენს. აღნიშნული შეთანხმება რუსეთსა და ინდოეთს შორის არსებულ ენერგოპარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია რუსულ სახელმწიფო ენერგოკომპანია Rosneft-ს. სანაცვლოდ, ინდური Relience-ის ინფორმაციით, ის საერთაშორისო მომწოდებლებთან, მათ შორის რუსეთთან, აქტიურად მუშაობს. Relience-ის განმარტებით, შეთანხმება ბაზრის მდგომარეობაზეც იქნება დამოკიდებული.

ცნობისათვის, უახლოეს პერიოდში ინდოეთს ოფიციალური ვიზიტით ვლადიმირ პუტინი ეწვევა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის ინდოეთის პრემიე-მინისტრს შეხვდება. შეგახსენებთ, დასავლური სანქციებით დაზარალებული რუსეთი ეკონომიკურ-ფინანსურ-სამხედრო კავშირებს ისეთ სახელმწიფოებთან ამყარებს, რომლებიც დასავლური თანამეგობრობის წევრები არ არიან. ასეთ სახელმწიფოებს ირანი, ჩინეთი, ინდოეთი, ჩრდილოეთი კორეა, ცენტრალური აზიის სახელმწიფოები და აფრიკული ქვეყნები წარმოადგენენ. ვლადიმირ პუტინის მიერ BRICS-ის კავშირის გაძლიერების მცდელობა სანქციების ეფექტის შემცირების სურვილითაა განპირობებული.