ეროვნული ბანკის გათვლით, ივლისში საქართველოს რუსი ტურისტებისგან დაახლოებით 120-130 მლნ დოლარი უნდა მიეღო, შეზღუდვების გავლენით კი ეს თანხა დაახლოებით 75 მილიონამდე შემცირდება.
2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ავია მიმოსვლებზე ემბარგო დააწესა და ტურისტულ კომპანიებს ურჩია არ გაყიდონ ტურ-პაკეტები საქართველოს მიმართულებაზე.
რუსეთიდან მიღებული შემოსავლების წყაროებია: ტურიზმი, საქონლის ექსპორტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები. ამ ოთხი წყაროდან რუსეთზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დამოკიდებულება სწორედ ტურიზმის სექტორშია. 2018 წლის მონაცემების მიხედვით, რუსი ტურისტებიდან მიღებული შემოსავლების წილი მთლიან შემოსავლებში დაახლოებით 26%-ია .
რა გავლენა ექნება რუსულ შეზღუდვას ეკონომიკაზე? საკუთარი პროგნოზი გამოაქვეყნა ეროვნულმა ბანკმაც.
კერძოდ, სებ-ის საბაზო სცენარით, 2019 წლის მეორე ნახევარში ავია მიმოსვლით შემოსული რუსი მოგზაურების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების მცირე წილი საჰაერო გზით (სომხეთის გავლით) მაინც შემოდის. ასევე, საბაზო სცენარის მიხედვით, სახმელეთო გზით შემოსული ტურისტების რაოდენობა ზომიერად კვლავ გაიზრდება (2018 წლის საშუალო ზრდის შესაბამისად). ამ დაშვებებით, ტურიზმიდან შემოსავლების პოტენციური დანაკლისი 2019 წლის მეორე ნახევარში დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარია.
ეროვნული ბანკის გათვლით, ივლისში საქართველოს რუსი ტურისტებისგან დაახლოებით 120-130 მლნ დოლარი უნდა მიეღო, შეზღუდვების გავლენით კი ეს თანხა დაახლოებით 70 მილიონამდე შემცირდება.
ანალოგიურად, თუკი აგვისტოში სებ-ის გათვლით რუსი ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი 140 მილიონ დოლარამდე უნდა ყოფილიყო, სანქციების გავლენით ის 80 მილიონ დოლარამდე შემცირდება.
„იქედან გამომდინარე, რომ მაღალია გაურკვევლობა რუსეთის სანქციის გავლენის ზომასთან დაკავშირებით, მაკროეკონომიკური პროგნოზების ალტერნატიული სცენარი საგარეო შოკის უფრო მწვავე შემთხვევას განიხილავს. აღნიშნული სცენარის მიხედვით, მნიშვნელოვნად შემცირდება რუსეთიდან სახმელეთო გზით შემოსული მოგზაურების ზრდის ტემპიც. ამ დაშვებით, ჯამურად საჰაერო და სახმელეთო გზით შემოსული ტურისტების კლება დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის დანაკლისს გამოიწვევს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან გეოპოლიტიკური დაძაბულობა უფრო მეტად გამძაფრდება, რუსეთში გასატანი საქონლის ექსპორტიდან მისაღები შემოსავლებიც მნიშვნელოვნად შემცირდება. განსკუთრებით მაღალია რისკები ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით. ალტერნატიული სცენარის მიხედვით, ექსპორტის შემცირება 2019 წლის მეორე ნახევარში დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარის დანაკლისს განაპირობებს, საიდანაც ძირითადი წილი ღვინის ექსპორტზე მოდის. ამასთანავე, გეოპოლიტიკური დაძაბულობა ზრდის ქვეყნის რისკ პრემიასაც, რაც ინვესტიციების ზრდის ტემპზეც აისახება. წინამდებარე შეფასებებზე დაყრდნობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პროგნოზების საბაზო სცენარი ითვალისწინებს რუსეთის სანქციის შედეგად 300 მლნ აშშ დოლარის დანაკლისს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2%-ია; ხოლო მაკროეკონომიკური პროგნოზების ალტერნატიული სცენარი უფრო ძლიერ ზეგავლენას – 500 მლნ აშშ დოლარის დანაკლისს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3.5%-ია. მიუხედავად ამისა, საბოლოო გავლენა მშპ-ზე ნაკლები იქნება ორი მთავარი მიზეზის გამო“, – განმარტავენ სებ-ში.