სებ: წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ ნიშნულზე - 4.5%-ზე შენარჩუნდება

სებ: წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ ნიშნულზე - 4.5%-ზე შენარჩუნდება

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მაჩვენებელს გადახედა ზრდის მიმართულებით. კერძოდ, ეროვნული ბანკი ელოდება, რომ წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე მაღალ – 4.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება.

ცვლილების მიზეზი სებ-ის განმარტებით, ლარის გაუფასურებაა.

„რუსეთის მიერ ავიამიმოსვლებზე დაწესებული ემბარგოს გამო მოსალოდნელია რუსეთიდან მიღებული ტურისტული შემოსავლების კლება, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე. თავის მხრივ, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავება აუფასურებს ეფექტურ გაცვლით კურსს. ფინანსური ბაზრის ამ ინფორმაციაზე დაფუძნებული რეაგირება კი გაცვლით კურსზე დღესვე აისახება. შესაბამისად, წინა პროგნოზთან შედარებით, გაცვლითი კურსის გაუფასურების გავლენით, გაიზარდა იმპორტირებული ინფლაციისა და შუალედური ხარჯების წვლილი მთლიანი ინფლაციის პროგნოზში.

მეორე მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის პროგნოზის ქვედა მიმართულებით გადახედვა კი იმის ასახვაა, რომ მომდევნო პერიოდში ერთობლივი მოთხოვნა (შემცირებული საგარეო მოთხოვნის ფონზე) იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე წინა პროგნოზით იყო მოსალოდნელი.

 საბოლოოდ, განახლებული პროგნოზის მიხედვით 2019 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ნიშნულის, 4.5%-ის, ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო შემდგომი შემცირების შემდეგ კი – საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოდან მიუახლოვდება“, – განმარტავენ სებ-ში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *