რუსული ტექნოლოგიური გიგანტი Yandex დეფოლტის ზღვარზე ყოფნის შესახებ გაფრთხილებას იძლევა. კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, ნიუ-იორკისა და NASDAQ-ის საფონდო ბირჟებზე რუსული კომპანიების, მათ შორის, Yandex-ის აქციებით ვაჭრობის შეჩერებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმის რისკები, რომ კომპანიამ ვალდებულებების მომსახურება ვერ შეძლოს.
Yandex რუსეთში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა და მას ხშირად რუსული Google-ის სახელითაც მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ Yandex-ის ოფისების დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა განთავსებული, კომპანია ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.
Yandex-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ საფონდო ბირჟებზე ამჟამად მოქმედი შეზღუდვები გაგრძელდება და Yandex-ის აქციებით ვაჭრობა არ აღდგება, კომპანიის ობლიგაციების მფლობელებს სამართლებრივად მიეცემათ იმის უფლება, რომ ვალისა და პროცენტის გადახდა მოითხოვონ. Yandex ჯგუფს კი ამჟამად არ აქვს ამ მოცულობის ვალის დაფარვისთვის საკმარისი რესურსები.
აღსანიშნავია, რომ დეფოლტის ანუ არაკრედიტუნარიანად გამოცხადების ზღვარზეა თავად რუსეთიც. S&P Global-მა რუსეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB მინუსიდან“ პირდაპირ „CCC მინუსამდე“ შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უკვე მოსალოდნელი დეფოლტის ზონაშია.