რუსული VTB-ის ევროპული ფილიალი სახელს იცვლის

რუსული VTB-ის ევროპული ფილიალი სახელს იცვლის

რუსეთის მეორე ყველაზე მსხვილი ბანკის, VTB-ის ევროპული განყოფილება სახელს იცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ავრცელებს. მისი განმარტებით, რუსული VTB საკუთარ შვილობილ კომპანიას თავისი ბრენდით ოპერირების შესაძლებლობას აღარ აძლევს.

ფრანკფურტში დაფუძნებული VTB ბანკის ევროპული ფილიალი გასული წლის შემდეგ სანქციების გამო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ბანკმა ლიკვიდაციის შესახებაც განაცხადა. ამიერიდან კი მისი სახელი OWH (Ost-West Handelsbank) SE იქნება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, VTB ბანკის ევროპული ფილიალი ათიათასობით გერმანელს ემსახურებოდა და საკმაოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთსაც სთავაზობდა. გარდა ამისა, ბანკი ფრანკფურტის ჰოკეის გუნდის, Lions-ების სპონსორიც გახლდათ. ომის დაწყების შემდეგ კი მომხმარებლებმა ბანკიდან თანხის გატანა დაიწყეს, რამაც მარეგულირებლებს ფულის გადინების მართვა აიძულა. მარეგულირებლებმა ბანკზე კონტროლი 2022 წლის აპრილში, ბანკის დასანქცირების შემდეგ აიღეს.

თუმცა ოფიციალურად VTB ბანკის ევროპულ შვილობილ კომპანიას კვლავ რუსული VTB ფლობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რუსული VTB-სგან ლიცენზიის ამოწურვამდე სახელის გამოყენების გაგრძელების უფლებას ითხოვდა. თუმცა რუსულმა VTB-მ ამაზე უარი განაცხადა.

რუსული VTB-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, მან კომპანიის ევროპულ დანაყოფზე აქციონერული უფლებების განხორციელება მას შემდეგ აკრძალა, რაც 2022 წლის აპრილში გერმანიამ ბანკზე კონტროლი „არალეგალურად დააწესა“.