საბერძნეთის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, „ახალი დემოკრატების“ ლიდერმა კირიაკოს მიცოტაკისმა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და პრემიერმინისტრობის ვადა დამატებით ოთხი წლით გაიხანგრძლივა.
კვირას გამართულ არჩევნებში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო მიცოტაკისის პარტიამაც, რის შედეგადაც პრემიერი კაბინეტში ბევრად უფრო ძლიერი პოზიციით დაბრუნდება. „ჩვენ მიერ დასახული მიზნები საბერძნეთს გარდაქმნის, რეფორმების ძირითადი ნაწილი კი უახლოეს მომავალშივე განხორციელდება“, – განაცხადა მიცოტაკისმა შედეგების გამოცხადების შემდგომი გამოსვლისას. ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში ძირითად პრიორიტეტებს შორის, ფინანსური სტაბილურობა და საცხოვრებელ ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები სახელდებოდა.
საპარლამენტო არჩევნებში ხმების თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ, „ახალმა დემოკრატებმა“ მოსახლეობის 40%-იანი მხარდაჭერა მოიპოვეს. მიცოტაკისის პარტიის მთავარმა კონკურენტმა, მემარცხენე პარტია Syriza-მ კვირას გამართულ არჩევნებში ხმების მხოლოდ 17%-ის დაგროვება მოახერხა. საერთო ჯამში, საბერძნეთის პარლამენტში შესასვლელად, 3%-იანი ბარიერი რვა პარტიამ, მათ შორის ცენტრისტულმა პარტია PASOK-KINAL-მა და მემარცხენე KKE-მა გადალახა.
არჩევნების შედეგებით, ყველაზე დიდი მოულოდნელობა პარლამენტში ნაკლებად ცნობილი, ანტიმიგრანტული პარტია Spartans-ის შესვლა იყო, რომელსაც მხარს ყოფილი დეპუტატი და ნეონაცისტური პარტიის ყოფილი წევრი ილიას კასიდიარისი უჭერს. კასიდიარისი კრიმინალური ორგანიზაციის წევრობისთვის 13-წლიან პატიმრობას იხდის.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო არჩევნები საბერძნეთში დაახლოებით ხუთი კვირის წინ ჩატარდა. თუმცა მაისში გამართულ არჩევნებში „ახალმა დემოკრატებმა“ სრული უმრავლესობის მოპოვება ვერ მოახერხეს. „ახალი დემოკრატები“ საბერძნეთის მოსახლეობას 3%-იან წლიურ ზრდას, გადასახადების შემცირებასა და უმუშევრობის შემცირებას ჰპირდებიან.