საგარეო ვალმა $8 მილიარდს გადააჭარბა - ვისი ვალი აქვს საქართველოს?

საგარეო ვალმა $8 მილიარდს გადააჭარბა - ვისი ვალი აქვს საქართველოს?

საქართველოს სახელმწიფო ვალმა $8 მილიარდს  პირველად გადააჭარბა. ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი $8 მილიარდს, ანუ 27.6 მილიარდ ლარს შეადგენს. 2021 წლის იანვართან შედარებით საგარეო ვალი $215 მილიონით გაიზარდა. უფრო მაღალია ვალის ზრდა, თუკი მის სტატისტიკას ეროვნულ ვალუტაში შევხედავთ. იანვართან შედარებით ლარებში სახელმწიფო საგარეო ვალი 1.89 მილიარდი ლარით გაიზარდა, რისი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორიც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურებაა.

სახელმწიფოს, საგარეო ვალის გარდა, შიდა ვალიც აქვს, რომელიც 100%-ით ლარში არის ნომინირებული. შიდა ვალს მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით იღებს. შიდა ვალის მოცულობა უცვლელია, და 5.87 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, მთლიანობაში საქართველოს შიდა და საგარეო ვალის მოცულობა 33.49 მილიარდი ლარია. არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს აღემატება და 2021 წლის მოსალოდნელი მშპ-ის, ანუ 53.4 მილიარდი ლარის 62.7%-ს შეადგენს.

2021 წელს საქართველოს მთავრობა 5.27 მილიარდი ლარის ახალ ვალს იღებს, აქედან $500 მილიონი ევრობონდების რეფინანსირებას წარმოადგენს.

სახელმწიფო ვალი 33.49 მილიარდი ლარია. რომელი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი აქვს ქვეყანას:

1) მსოფლიო ბანკის ჯგუფი (IDA და IBRD) – 7.09 მლრდ ლარი;
2) აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 6.07 მლრდ ლარი;
3) ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 2.62 მლრდ ლარი;
4) გერმანია (KFW) – 2.52 მლრდ ლარი;
5) საფრანგეთი (AFD) – 1.97 მლრდ ლარი;
6) ევროობლიგაცია – 1.72 მლრდ ლარი;
7) ეროვნული ბანკის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) 1.66 მლრდ ლარი;
8) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 791 მლნ ლარი;
9) მთავრობის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) – 728 მლნ ლარი;
10) იაპონია – 706 მლნ ლარი;
11) აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 625 მლნ ლარი;
12) ევროგაერთიანება (EU) – 556 მლნ ლარი;
13) რუსეთი – 129 მლნ ლარი;
14) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 126 მლნ ლარი;
15) ავსტრია – 65 მლნ ლარი;
16) ამერიკა – 52 მლნ ლარი;
17) თურქეთი – 34 მლნ ლარი;
18) კუვეიტი – 31 მლნ ლარი;
19) ყაზახეთი – 27 მლნ ლარი;
20) სომხეთი – 18 მლნ ლარი;
21) აზერბაიჯანი – 17 მლნ ლარი;
22) ირანი – 13 მლნ ლარი;
23) ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 11 მლნ ლარი;
24) სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 8.3 მლნ ლარი;
25) ჩინეთი – 1.6 მლნ ლარი;
26) ნიდერლანდები – 1.3 მლნ ლარი;
27) თურქმენეთი – 0.7 მლნ ლარი;
28) უზბეკეთი – 0.2 მლნ ლარი;
29) უკრაინა – 0.2 მლნ ლარი;

შიდა ვალი

1) სახაზინო ფასიანი ქაღალდები (სახაზინო ობლიგაციები; სახაზინო ვალდებულებები) – 5.5 მილიარდი ლარი;
2) სხვა ფასიანი ქაღალდები – 342 მლნ ლარი;
3) საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალი – 31 მლნ ლარი.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი წელს საქართველოს სახელმწიფო ვალის რეკორდულ ზრდას პროგნოზირებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 69.5%-ს მიაღწევს, რაც ამჟამად არსებული 63.6%-დან 5.9 პროცენტული პუნქტით მატებას წარმოადგენს. ამ ზრდის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებად S&P Global-ი უშუალოდ ახალი საგარეო ვალის აღებას და ეროვნული ვალუტის შესაძლო გაუფასურებას ასახელებს, რის გამოც, ლარებში გამოხატული საგარეო ვალის მოცულობა შეიძლება გაიზარდოს.