რას ფიქრობს კერძო სექტორი „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებაზე?

რას ფიქრობს კერძო სექტორი „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებაზე?

როგორც ყველასთვის ცნობილია, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში პირველი დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია ამოქმედდება. მწვანე სტატუსი პირს იმ შემთხვევაში მიენიჭება, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მნიშვნელოვანია, რომ „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნა მხოლოდ 18  წელზე უფროსი ასაკის პირებზე გავრცელდება.

შესაბამისად, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტების“ საშუალებით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპაცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციები ობიექტების სტუმრებზე ვრცელდება და არა პერსონალზე, თუმცა, ამისდა მიუხედავად, რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ობიექტი დაჯარიმდება. ინსპექცია ნორმის დარღვევისთვის ინდმეწარმეს 2,000 ლარით, ხოლო შპს-ს 10,000 ლარით დააჯარიმებს. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ობიექტის დალუქვაც განიხილება.

როგორც მოქმედი პლატფორმის, covidpass.moh.gov.ge-ის, ასევე სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ, სმარტფონების დახმარებით „მწვანე სტატუსი“ მუდმივად თან ატარონ. სტატუსის გადამოწმება ობიექტებზე დასაშვებად ასევე შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სმარტფონის ფოტოკამერის დახმარებით.

იმ ობიექტებში, რომლებზეც პირველი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნა გავრცელდება, არ შედის სავაჭრო მოლები, სილამაზის სალონები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მართალია, მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციები რაც უფრო მეტ ადგილზე იმოქმედებს, მით უფრო კარგი შედეგის მომცემი იქნება, ამჯერად გადაწყდა, რომ აღნიშნულ საკითხს ეტაპობრივად მიუდგებიან. ხოლო, თუ საჭიროება მოითხოვს, იმ ობიექტების რაოდენობა, რომლებზეც რეგულაციები გავრცელდება, გაიზრდება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ხალხმრავლობის მიუხედავად, ის ბაზისურ საჭიროებად განისაზღვრა, რომელზე წვდომაც „უსტატუსო“ მოსახლეობას აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეს. შესაბამისად, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სასურსათო მაღაზიებზე „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნა არადისკრიმინაციული და ადამიანების უფლებების დაცვის პრინციპის გამო არ გავრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ პირველი დეკემბრიდან ახალი რეგულაციების დანერგვა უკვე გადაწყვეტილია, „მწვანე პასპორტების“ კონცეფციასთან დაკავშირებით კვლავ ბევრი კითხვა არსებობს. მრავალი საკითხი ბუნდოვანია არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ იმ ობიექტების მფლობელთათვისაც, რომლებზეც შემდეგი თვიდან მთავრობის რეგულაციები გავრცელდება. შედეგად კი  „მწვანე პასპორტების“ თაობაზე მოსაზრებები ორად გაიყო: ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი რეგულაციებით ობიექტებზე უსაფრთხოების დაცვა ბევრად უფრო მარტივად მოხდება, რაც მათ ბიზნესსაც წაადგება, მეორე მხარის მოსაზრებით კი ახალმა კანონმდებლობამ შესაძლოა კორონავირუსისგან ისედაც დაზარალებული ბიზნესები უფრო დაასუსტოს. აქედან გამომდინარე, კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი მთავრობისგან დამატებითი ზომების მიღებას მოითხოვს.

ერთ-ერთი პირველი „მწვანე პასპორტების“ შემოღებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ გამოეხმაურა. BAG-ის დამოკიდებულება მთავრობის ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით დადებითია. მისი განცხადებით, ახალი გადაწყვეტილება დროულია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და ის ვაქცინაციის ტემპსაც დააჩქარებს. „ბიზნეს ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ „მწვანე სტატუსის“ მინიჭების პროცესი საკმაოდ სამართლიანი და დემოკრატიულია, რადგან მისი მიღება შეუძლიათ როგორც სრულად ვაქცინირებულ პირებს, ასევე მათ, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი ან აქვთ შესაბამისი ტესტირების უარყოფითი პასუხი. BAG-ი ობიექტების ჩამონათვალსაც სამართლიანად მიიჩნევს, რადგან სტატუსის არმქონე პირებს არ ეზღუდებათ წვდომა იმ ობიექტებზე, სადაც პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთებია წარმოდგენილი.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ რესტორატორთა ასოციაციაში. BM.GE-ისთან საუბრისას, ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ „მწვანე პასპორტების“ შემოღების მოტივი იმუნიზაციის წახალისება უნდა ყოფილიყო, მოცემული ფორმულირება კი ამის საბაბს არ იძლევა. ბურჯანაძის თქმით, ბიზნესს შესაძლებლობა უნდა მისცემოდა, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც ამ დრომდე მოქმედებს, მწვანე ზონის შექმნის შემთხვევაში მოხსნილიყო. ქორწილებისა და დაბადების დღეების დაშვება, მწვანე ზონის დაშვების შემთხვევაში, საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა და ბიზნესისთვისაც. იმის ფონზე, რომ აცრილთა რაოდენობა დღეს მოსახლეობის მხოლოდ მესამედს შეადგენს, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, გარკვეული ბენეფიტების გარეშე, სარესტორნო ბიზნესისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს და გადახედვას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი იმედს გამოთქვამს, რომ პირველ დეკემბრამდე მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციები გადაიხედება და მოტივაცია გაჩნდება იმ შედეგის მისაღწევად, რომლისთვისაც ვიბრძვით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელსაც სარესტორნო ბიზნესისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები „მწვანე პასპორტების“ შემოღების სანაცვლოდ ითხოვენ, საათობრივი შეზღუდვის მოხსნაა, რომელიც ბიზნესს მხოლოდ ღამის 11-მდე მუშაობის უფლებას აძლევს. სარესტორნო ბიზნესში მიიჩნევენ, რომ  მაშინ, როდესაც „მწვანე პასპორტების“ შეზღუდვა გაქვს, კვების ობიექტების 23:00 საათზე დახურვა არასწორია.

სარესტორნო ბიზნესის მოთხოვნები დღევანდელ უწყებათშორის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველი დეკემბრიდან, „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებასთან ერთად, რესტორნებისა და კვების ობიექტების მფლობელებს თავად მიეცემათ საშუალება, საკუთარი სამუშაო დრო განსაზღვრონ. შეგახსენებთ, რომ აქამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, მიაჩნდა, რომ ჯერ აუცილებელი იყო „მწვანე პასპორტების“ ეფექტიანობასა და ობიექტების მხრიდან რეგულაციების კეთილსინდისიერად დაცვაში დარწმუნებულიყვნენ და მხოლოდ შემდგომ მიეღოთ რესტორნებისთვის 23 საათამდე მუშაობის შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება.

რაც უფრო ახლოვდება ზამთრის სეზონის გახსნა, მით უფრო მეტად იმატებს ტურისტებისა და ადგილობრივი რეზიდენტების ინტერესი სამთო კურორტების მიმართ. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ზამთრის კურორტებზე არსებულ სასტუმროებს პოზიტიური განწყობა აქვთ  – ისინი იმედოვნებენ, რომ 2021-2022 წლების სეზონი მეტად შემოსავლიანი და ტურისტებით დატვირთული აღმოჩნდება. ამის პარალელურად კი საინტერესოა, თუ რა გავლენას მოახდენს „მწვანე პასპორტები“ სამთო კურორტების ვიზიტორთა ოდენობაზე, რადგან მათ თავიანთი მწვანე სტატუსის დამოწმება როგორც სასტუმროში დასაბინავებლად, ასევე სასრიალო ტრასების გამოსაყენებლად დასჭირდებათ. სტუმარმასპინძლობის  სექტორში თვლიან, რომ „მწვანე პასპორტები“ მთის კურორტებზე უარყოფითად არ აისახება, რადგან ისინი დიდწილად უცხოელ ტურისტებზე არიან დამოკიდებულნი. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ უცხოელი ტურისტები ვაქცინირებულები არიან, ქართველები კი სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთს მაინც დააკმაყოფილებენ, აღნიშნულმა რეგულაციებმა შესაძლოა სამთო კურორტებზე, სარესტორნო ბიზნესისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი პრობლემები არ გამოიწვიოს. „მწვანე პასპორტების“ შემოღების საკითხს Forbes Georgia-სთან ინტერვიუში „გუდაური ლოჯის“ გენერალური მენეჯერი ნათია ჭიაურელიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუმრებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ, 27 ოქტომბერს, საქართველოს სასტუმროებს შორის პირველებმა გამოაქვეყნეს შიდა სტანდარტი, რომელიც სტუმარს ორჯერადი ვაქცინაციის ან უარყოფითი PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას სთხოვს. შესაბამისად, „მწვანე პასპორტების“ შემოღება მათი მხრიდან მისასალმებელია, რადგან  ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კურორტების ფუნქციონირებას და დაიცავს დამსვენებლების უსაფრთხოებას.

პირველი დეკემბრიდან არსებული რეალობა ბევრისთვის შეიძლება შეიცვალოს. მიუხედავად ამისა, „მწვანე ბარათების“ შემოღების შედეგებზე დასკვნების გამოტანა ნაადრევია. მანამდე კი გეტყვით, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეთა რიცხვი 982,714-ს უტოლდება. ჩატარებული აცრების რაოდენობა კი 2 მილიონს აღემატება. რეგიონების მიხედვით მინიმუმ ერთი დოზით აცრილ მოქალაქეებს შორის დედაქალაქი ლიდერობს, რომელსაც აჭარა და იმერეთი მოჰყვება. 60 წელს გადაცილებულ პირებში კი იმუნიზაციის მაჩვენებელმა რეკორდულად, 321%-ით, წამახალისებელი ღონისძიებების დაწყების შემდგომ იმატა. ამის ფონზე საინტერესოა, თუ რა გავლენას იქონიებს ვაქცინაციის ტემპზე შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედება. შეგახსენებთ, რომ „მწვანე პასპორტები“ ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე მოქმედებს და მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის თავშეყრის ადგილებზე შესვლას უზღუდავს. „მწვანე პასპორტების“ პრაქტიკა დაინერგა ავსტრიაში, ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.