როდესაც საკვებ ობიექტზე ვსაუბრობთ და მას აღვწერთ, ტრადიციულად ვიყენებთ სიტყვებს, როგორიცაა : სამზარეულო, ტაფა, ქვაბი, მოხარშვა, შეწვა, და ა.შ. წარმოგიდგენიათ ადგილი სადაც უამრავი სახეობის კერძი მზადდება თუმცა- არც ერთი მათგანი ტრადიციული გზით?! სწორედ ასეთია „სხივი“, სადაც ყველა კერძი გაღვივების მეთოდით კეთდება სწორედ ისე, როგორც ამას ადამიანები რამდენიმე ათასი წლის წინ აკეთებდნენ. სალომე კალანდაძე და მარიამ გოგიტიძე „სხივის“ დამფუძნებლები არიან. სანამ Raw Food-ს, ანუ ცოცხალ საკვებს საფუძვლიანად შეისწავლიდნენ და ბიზნესს დაიწყებდნენ, ადვოკატები იყვნენ და სრულიად განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობდნენ.
„დამზადების ამ მეთოდით დაახლოებით 1 წლის წინ დავინტერესდი და მას შემდეგ ფაქტობრივად, ყოველდღე სიახლეების აღმოჩენის ფაზაში ვართ. სხივი – ეს არის ცოცხალი სამზარეულოს მინიმალისტური კონცეფცია, სადაც კერძები მზადდება ბუნებაში არსებული, შეუცვლელი ფორმით, თერმულად დამუშავებული პროდუქტებისგან და გაღვივებული მარცვლებისგან.“ – ამბობს სალომე.
მისი თქმით, სანამ ბიზნესს დაიწყებდნენ, არსებული საკვები საკუთარ თავზე გამოსცადეს. სალომე გვიყვება, რომ გარკვეული ცვლილებები ორგანიზმში 1 კვირის შემდეგ შენიშნა, 1 წლის განმავლობაში კი მისი ცხოვრება და ჩვევები ცოცხალმა საკვებმა სრულად შეცვალა.
„ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ Raw Food-ის დადებით თვისებებზე, თუმცა მოკლედ რომ გითხრათ, ის სხეულისთვის ძალიან მარტივი მოსანელებელია. გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ვიგრძენი, რომ დილით მოზღვავებულ ენერგიაზე ვიღვიძებდი. გაცილებით ნაკლებ საკვებს ვიღებდი, თუმცა უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს იძენდა ჩემი ორგანიზმი. 1 წლის შემდეგ ნივთიერებათა ცვლა სრულიად შემეცვალა, გაცილებით უკეთ მძინავს, ჯანსაღად ვგრძნობ თავს და ეს ყველაფერი იოგას ვარჯიშშიც კი მეხმარება, უფრო მოქნილი გავხდი“ – ამბობს სალომე.
როგორც დამფუძნებლები გვიყვებიან, მათი საკვების ძირითადი მომხმარებლები საქართველოში მცხოვრები უცხოელები არიან, რომლებსაც ბევრი ახსნაც კი არ სჭირდებათ ისე ხდებიან მათი ერთგული კლიენტები.
„ევროპაში ჯანსაღი საკვების მიღება ძალიან პოპულარული გახდა და ეს ბაზარი მუდმივად იზრდება. ჩვენი პროდუქტი არც იწვება, არც ცხვება, არც იხარშება, ვცდილობთ ყველანაირად ბუნებრივი ინგრედიენტები გამოვიყენოთ და თან გემოვნური თვისებებიც შევინარჩუნოთ, რაც შაქრისა და მარილის გარეშე ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო“ – ამბობს სალომე.
ბიზნეს იდეას მალე უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა, თუმცა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაფართოება, სხვადასხვა გასაღვივებელი დანადგარის შეძენა და ინვესტიციის მოზიდვა გახდა საჭირო.
„Shark Tank-ში ჩვენი პირველი შეთავაზება 20%-იანი წილის სანაცვლოდ 70,000 ლარი იყო, მოლაპარაკების პროცესში იდეით პავლე მგელაძე დაინტერესდა, რომელმაც იდენტურ თანხად 40%-ის წილის გაყიდვა შემოგვთავაზა. არ გვსურდა დიდი წილის დათმობა, თუმცა მისი ინტერესი იმდენად დიდი იყო ცოცხალი საკვების მიმართ, რომ დავთანხმდით. პავლემ თანხასთან ერთად საკუთარი გამოცდილება შემოგვთავაზა და გვითხრა, რომ ოჯახთან ერთად ახალ ცხოვრების წესზე გადასვლა სურდა, ეს კი ჩვენთვის ყველაზე ღირებული აღმოჩნდა“ – ამბობს სალომე.
როგორც დამფუძნებლები გვიყვებიან, სურთ საკვებ ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინონ და ერთგვარი მოძრაობა წამოიწყონ, რათა მრავალმა ადამიანმა გააცნობიეროს ე.წ Raw Food-ის სიკეთეები და შეცვალოს ცხოვრების სტილი.
კონკრეტულად Raw Food-ის ბაზარზე კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა ზოგადად, ვეგანური საკვების ბაზარი რომ მზარდია, ამას არაერთი სტატისტიკური მონაცემი ადასტურებს. Allied Makert Research-ის მიხედვით, 2018 წელს ბაზრის ზომა $14 მილიარდს აჭარბებდა, 2026 წლისთვის კი 10.5%-იანი ზრდის შემთხვევაში ეს რიცხვი $31.4 მილიარდს მიაღწევს.
საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.