სამშენებლო სექტორი და კოვიდ-19: ცხოვრებისა და მუშაობის მომავალი

სამშენებლო სექტორი და კოვიდ-19: ცხოვრებისა და მუშაობის მომავალი

პანდემიის დასაწყისში სამშენებლო სექტორს სხვა დარგების მსგავსად მოუწია გადაწყობა და დიდ საცხოვრებელ ფართებზე მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნაზე მორგება.

თუმცა ახლა სიტუაცია შეცვლილია – სამშენებლო სფერო ახალი საჭიროებების დაკმაყოფილებას დიგიტალიზაციის მეშვეობით ახერხებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2050 წლისთვის არსებული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 75 პროცენტი ახალი ნაგებობებისგან იქნება შემდგარი.

სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი და ახა­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი: და­მან­გ­რე­ვე­ლი ძა­ლი­დან ინო­ვა­ცი­ის სტი­მუ­ლამ­დე

აშშ-ში პროდუქტიულობის დონე 1947 – 2010 წლების პერიოდში თითქმის არ შეცვლილა, რის შედეგადაც სამშენებლო სფერო მოწყვლადი იყო. ტექნოლოგიურმა განვითარებამ სამშენებლო სექტორს ძალზე საჭირო ბიძგი მისცა ისეთი მნიშვნელოვანი სიახლეებით, როგორიცაა მოდულარული მშენებლობა.

პანდემიამ დააჩქარა ქარხნული წესით მშენებლობისა და სხვა ახალი პროცესების განვითარება. McKinsey-ის თანახმად, 2030 წლისთვის აშშ-სა და ევროპაში ახალი შენობების 15-20 პროცენტი მოდულარული ტიპის იქნება.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეხმარება ტექნოლოგიების განვითარება სამშენებლო სექტორს საცხოვრებელი და სხვა ტიპის სამშენებლო პროექტების განხორციელებაში. კორონავირუსთან დაკავშირებით ადამიანების ინდივიდუალური გამოცდილებების მიუხედავად, ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება პირადი და საჯარო სივრცეების მიმართ შეიცვალა და ხელახლა განსაზღვრავს ჩვენს მიდგომას საინჟინრო საქმის, მშენებლობისა და ოპერაციებისადმი.

რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი?

სამშენებლო სექტორში ციფრული ტრანსფორმაცია აუცილებელია მომავალში იმ საცხოვრებელი, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის კრიზისის დროს გახდა.

უფრო ხარისხიანი მშენებლობის განხორციელებისთვის საჭიროა ბიზნესპროცესების მოდერნიზება, რაც ჩვეულებრივ ინფორმაციის ნაკადით იწყება – ჩვენ უკვე დიდი ხანია, გავცდით ლურჯი ნახაზების ეპოქას. დღეს ბიზნესები უკვე ციფრული დიზაინებითა და 3D-მოდელირების პროგრამით მიჰყვებიან მშენებლობის გეგმას. ინფორმაცია უნდა იყოს დემოკრატიზებული, გაციფრებული და სამშენებლო კომპანიებისთვის უნივერსალურად ხელმისაწვდომი, რათა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სამშენებლო სფეროზე.

როდესაც მშენებლობის პროცესში ჩართული ყველა მხარე აცნობიერებს პროექტის დიზაინსა და მიმდინარე სტატუსს, და როდესაც პირველი დღიდან არსებობს კომუნიკაციების ცენტრალური წერტილი, მნიშვნელოვნად მცირდება ძვირად ღირებული შეცდომებისა და გრაფიკიდან გადახრის რისკები.

სამშენებლო სფეროში გამოყენებულ კიდევ ერთ ტექნოლოგიას წარმოადგენს ე.წ. ციფრული ტყუპი – ფიზიკური აქტივის დინამიკური მოდელი.

ციფრული ტყუპის დამზადება ნებისმიერი ნივთისთვის არის შესაძლებელი, თუმცა ის განსაკუთრებით პრაქტიკულია მშენებლობის პროცესში, რამეთუ შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას – კომპიუტერიზებული დიზაინით დაწყებული, ოპერაციული სახელმძღვანელოებით დამთავრებული. აღნიშნული ინფორმაციის ელექტრონულად შენახვა მშენებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად შეისწავლონ ინფორმაცია და მარტივად გააზიარონ მოდელები და პროგნოზები.

მო­მავ­ლის ტენ­დენ­ცი­ე­ბი – სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში კო­მუ­ნი­კა­ცია ყვე­ლა­ფე­რია

სამშენებლო პროექტები უფრო კომპლექსური ხდება, ხოლო შენობები – უფრო მაღალი და ტექნოლოგიურად განვითარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ აღმასრულებელმა პირებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

მიმწოდებლებმა, დიზაინერებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მფლობელებმა უნდა გაიზიარონ ასეთ მსხვილ პროექტებთან დაკავშირებული რისკები და ერთად უზრუნველყონ, რომ შესრულების გრაფიკი არ შეიცვალოს და ხარჯები არ გაიზარდოს. ციფრული ტყუპების ტექნოლოგია ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ ძვირად ღირებული შეცდომები და შესწორებების აუცილებლობა. ნივთების ინტერნეტის ტექნოლოგიით მათ შეუძლიათ პროგნოზების გაკეთება და პროდუქტიულობის გაზრდა.

ცოდ­ნის დე­ფი­ცი­ტი მა­ლე შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლურ საფრ­თხედ იქ­ცეს

სამშენებლო სფეროში იცვლება მუშახელი: კვალიფიციური სპეციალისტები გადიან პენსიაზე და საჭირო ხდება მათი შემცვლელების სწრაფად მოძიება. აშშ-ის გენერალურ კონტრაქტორთა ასოციაციის თანახმად, სამშენებლო კომპანიების 81 პროცენტს უჭირს კვალიფიციური კადრების შევსება როგორც საათობრივი, ისე სრული განაკვეთის სეგმენტებში.

ამით კიდევ უფრო მძაფრდება მუშახელის ნაკლებობის პრობლემა, რომელიც 2005-2010 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს წარმოიქმნა. სამშენებლო პროექტებისა და სამუშაო ადგილების შემცირებამ ხელი შეუშალა სექტორში დიდი რაოდენობით ახალი კადრების შემოდინებას, რაც ახლა განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს.

პენსიაზე გასული მუშების მიერ დაგროვილი ცოდნა და ექსპერტული მონაცემები ბიზნესების მიერ უნდა იქნას კოდიფიცირებული და გაციფრებული, რათა ახალმა სპეციალისტებმა ძირითადი ბიზნესპროცესების გაცნობიერება შეძლონ.

მსოფლიო მასშტაბით, 2030 წლისთვის სამშენებლო სექტორში 200 მილიონამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. გაციფრების ტემპი და მობილურ მოწყობილობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ახალ კადრებს აკლიმატიზაციაში დაეხმარება და მშენებლობის ახალ პარადიგმაში გამარჯვებულ კომპანიებს განსაზღვრავს.

ტექ­ნო­ლო­გია და­ეხ­მა­რე­ბა მშე­ნებ­ლო­ბის სექ­ტორს

ქარხნული წესით მშენებლობა და 3D-ბეჭდვა უკვე ფართოდ გამოიყენება სამშენებლო სექტორში. ეს პროცესი დამოკიდებულია მწარმოებლებს, დიზაინერებსა და სხვა მოთამაშეებს შორის იდეალურ კოორდინაციაზე, რათა ქარხნული წესით დამზადებული ნაწილები ერთმანეთს მოერგოს. პროცესის სწორად განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებს მშენებლობის დროს.

მოდულარულ მშენებლობასთან ერთად გაიზრდება სხვა ტექნოლოგიების პოპულარობაც, ეს კი არ უნდა იყოს შეშფოთების მიზეზი.

მშენებლობა სპეციალიზებული სფეროა, სადაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ცვალებადი ეკოლოგიური პირობები, რომლებზეც მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ მორგება. რობოტები არ აპირებენ მშენებელთა სამუშაო ადგილების მითვისებას. ისინი მხოლოდ დაგვეხმარებიან პროდუქტიულობის გაზრდაში სწორედ ახლა, როდესაც მასობრივი წარმოება ძალზე საჭიროა.

ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა სიტყვა „კობოტი“ – რობოტი, რომელიც ადამიანებს უწევს დახმარებას. რობოტებისა და 3D-ბეჭდვის დახმარებით, სამშენებლო მოედნებზე შეიძლება შესრულდეს ბევრი დავალება, რაც პროდუქტიულობას 50-80 პროცენტით გაზრდის. მსოფლიოს ესაჭიროება მეტი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი შენობა, და ჩვენ ამას რეკორდულ დროში უზრუნველვყოფთ ავტომატიზაციის მეშვეობით.

შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი: მდგრა­დო­ბა

ტექნოლოგია ასევე ხელს უწყობს მდგრადობას. სამშენებლო სექტორი მოიხმარს ყველაზე მეტ ნედლეულს და პასუხისმგებელია ნახშირორჟანგის გლობალურ ემისიათა 25-40 პროცენტზე. მოხმარების მონიტორინგი დროთა განმავლობაში შესაძლებელს გახდის მასალებისა და ენერგიის გამოყენების ოპტიმიზაციას.

ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია მასალების მოხმარების 30-60 პროცენტით შემცირება. პანდემიამ მშენებლობის ბევრი ასპექტი შეცვალა, დაწყებული საოფისე და საცხოვრებელი მშენებლობის პრიორიტეტებით და დამთავრებული უსაფრთხოების ზომებით, რომლებიც დამატებით უნდა დაინერგოს უკვე სახიფათო სფეროში.

რობოტები და ქარხნული წესით მშენებლობა ამცირებენ გარკვეულ რისკებს და საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნას აკმაყოფილებენ.

ვაგ­რ­ძე­ლებთ და ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ მშე­ნებ­ლო­ბას

იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიებმა შეინარჩუნონ რელევანტურობა საზოგადოებაში, რომლის მოლოდინებიც ხშირად იცვლება, მათ აუცილებლად უნდა უზრუნველყონ სწორი ინსტრუმენტების გამოყენებით საკუთარი პერსონალის სწავლებისა და მუშაობის დაჩქარება.

საოფისე შენობები თითქმის მთელი წლის მანძილზე ცარიელი იყო ან შემცირებული დატვირთვით ფუნქციონირებდა. კომპანიების ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი მუდმივად შეინარჩუნებენ დისტანციური მუშაობის რეჟიმს. სამშენებლო სფეროზე ზეგავლენის განსაზღვრა რთულია, თუმცა ძლიერი ტექნოლოგიური ბირთვი ხელს უწყობს სწრაფ ადაპტაციას.

კომპანია SAP-ის „ქლაუდი“ ასრულებს ტექნოლოგიებისა და მომსახურებების ჰაბის როლს სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებსაც დაჩქარებული წესით სურთ სრული ბიზნესმოდელის მიღება. არ არის საჭირო მშენებლობის რეგიონულად იზოლირება. სტანდარტიზებულ პროცესებზე გადასვლა, ვერტიკალური ფუნქციონალურობა და ურთიერთმოქმედი გადაწყვეტილებები საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად ვიმოძრაოთ და ნაკლებ დროში ავაშენოთ ზუსტად ის, რაც საზოგადოებას ესაჭიროება.