Samsung Electronics-ის განცხადებით, კომპანია ნახევარგამტარების წარმოების, ბიოფარმაცევტული და შემდეგი თაობის ტექნოლოგიების ზრდის ტემპის დასაჩქარებლად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, $356 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.
სამხრეთკორეული კონგლომერატის განმარტებით, ინვესტიციების მიზანი სტრატეგიულ ინდუსტრიებში პოზიციების გაძლიერებაა. ერთ-ერთი ასეთი კი ნახევარგამტარების ინდუსტრია გახლავთ. გარდა ამისა, კომპანია ბიოფარმაცევტულ სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რათა ინდუსტრია ისეთივე წარმატებული გახადოს, როგორიც ჩიპების ბიზნესია.
Samsung-ს ინვესტიციის დეტალური გეგმა არ გაუსაჯაროებია, თუმცა, კომპანიის განცხადებით, თანხის 80% სამხრეთ კორეაში დაიხარჯება. Samsung-ის თქმით, ინვესტიციის განხორციელების შემდეგ ქვეყანაში ერთი მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
საინტერესოა, რომ კომპანიას ელექტრომობილების ელემენტები სამომავლო პრიორიტეტად არ დაუსახელებია. როგორც ჩანს, მისი მთავარი საზრუნავი ნახევარგამტარებისა და ბიოფარმაცევტული სექტორის განვითარება იქნება.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი საინვესტიციო გეგმა Samsung-მა 2016 წელსაც ხუთწლიანი ვადის პერსპექტივით წარადგინა. თუმცა, ამ ვადაში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა 30%-ით ნაკლები იყო ახლა ნავარაუდებ მაჩვენებელზე.