ინდოეთის ერთ-ერთი პროფკავშირის განცხადებით, Samsung Electronic-ის საწარმოში, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მდებარეობს, თანამშრომლები უვადოდ გაიფიცნენ. Reuters-ის ინფორმაციით, გაფიცვამ საწარმოო პროცესზე გავლენა უკვე მოახდინა.
ინდოეთის საწარმოში გაფიცულები ხელფასების მატებას ითხოვენ. ცნობისთვის, გასულ თვეს Samsung Electronics-ის თანამშრომლები სამხრეთ კორეაშიც გაიფიცნენ. სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი პროფკავშირის წევრები უფრო მაღალი ხელფასებისა და ბონუსების მოთხოვნით ოთხი დღით გაიფიცნენ.
ინდოეთის სამხრეთში, ქალაქ ჩენაიში არსებული საწარმო 2,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. ქარხანა მაცივრებსა და სარეცხ მანქანებს აწარმოებს. გაფიცვის შედეგად კი წარმოების დღიური მოცულობა 50%-ით შემცირდა.
Samsung-ის ინდური წარმომადგენლობის პროფკავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ დასაქმებულები უკეთეს ხელფასებსა და სამუშაო დროს არ მიიღებენ. განცხადება გაავრცელა Samsung-ის ინდოეთის წარმომადგენლობის პრესსპიკერმაც და განმარტა, რომ კომპანია გაფიცულებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ყველა კანონისა და რეგულაციის დაცვით მოქმედებს. სპიკერის განცხადებით, Samsung-ი ყველაფერს იღონებს, რომ შეფერხებების გამო მომხმარებლები არ დაზარალდნენ.
შეგახსენებთ, ინდოეთი Samsung-ისათვის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია. კომპანია ზრდის პოტენციალს სწორედ ამ ქვეყანაში ხედავს. ქალაქ ჩენაის საწარმო 2007 წელს გაიხსნა და ორი ქარხნიდან ერთ-ერთია, რომელთაც Samsung-ი ინდოეთში ფლობს. მეორე ქარხანა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს და იქ სმარტფონები იწარმოება.