Samsung-ის მოგება, სავარაუდოდ, უკანასკნელი 14 წლის მინიმუმამდე დაეცა

Samsung-ის მოგება, სავარაუდოდ, უკანასკნელი 14 წლის მინიმუმამდე დაეცა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, Samsung Electronics-ის მოგება შესაძლოა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 96%-ით, უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში კომპანიისთვის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცეს. ტექნოლოგიური გიგანტის მოგების კლება უმეტესწილად Samsung-ის ჩიპების ბიზნესს უკავშირდება.

Refinitiv SmartEstimate-ის შეფასებით, მეხსიერების ჩიპების, სმარტფონებისა და ტელევიზორების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლის საოპერაციო მოგება, აპრილი-ივნისის კვარტალში, სავარაუდოდ $427 მილიონამდე შემცირდა. პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ეს იქნება Samsung-ის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ, როდესაც კომპანიის კონსოლიდირებულმა საოპერაციო წაგებამ დაახლოებით $567 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, Samsung-ის საოპერაციო მოგებამ, 2022 წლის მეორე კვარტალში, $10.8 მილიარდს გადააჭარბა.

ანალიტიკოსები კომპანიის მოგების რეკორდულ ვარდნას უმეტესწილად Samsung-ის ჩიპების ბიზნესს უკავშირებენ, რომელიც ტრადიციულად ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავლის უდიდეს წყაროს წარმოადგენს. მეხსიერების ჩიპების ფასების ვარდნისა და საჭირო ინვენტარის ღირებულების შემცირებასთან ერთად, Samsung-ის ჩიპების განყოფილების კვარტალურმა ზარალმა დაახლოებით $3 მილიარდი შეადგინა.

TrendForce-ის მონაცემებით, DRAM-ის მეხსიერების ჩიპების ფასები 13%-18%-ით დაეცა და კვლავ განაგრძობს ვარდნას. DRAM-ის მეხსიერების ჩიპები ფართოდ გამოიყენება სმარტფონებში, კომპიუტერებსა და სერვერებში. თუმცა, ბოლო პერიოდში, ჩიპების შემსყიდველებმა ახალი შესყიდვების ნაცვლად, არსებული მარაგების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს. ანალიტიკოსების შეფასებით, წინა კვარტლებთან შედარებით, ფასების კლება შენელებულია, თუმცა სიტუაცია შესაძლოა 2024 წლამდე არსებითად არ შეიცვალოს.

Samsung Electronics-ი მეორე კვარტლის მოგების წინასწარ შედეგებს პარასკევს გამოაქვეყნებს, ხოლო სრული შემოსავალი ცნობილი თვის ბოლოსთვის იქნება.