„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტში ცვლილებებია - ორგანიზაციას ახალი დირექტორი ჰყავს

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტში ცვლილებებია - ორგანიზაციას ახალი დირექტორი ჰყავს

ყოფილი „საპარტნიორო ფონდი“ მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან ახალი წესდებით, სტრუქტურით, განახლებული მენეჯმენტითა და ახალი სახელწოდებით – „საქართველოს განვითარების ფონდი“ – განაგრძობს საქმიანობას. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფონდის დირექტორის თანამდებობა 8-წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა დავით საგანელიძემ, რომელიც დღეიდან, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე საგანელიძე ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც ამავდროულად დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებსაც შეასრულებს. ბუგიანიშვილის მოადგილედ ვახტანგ ჯორბენაძე დაინიშნა. ცნობისთვის, ბუგიანიშვილი ამ დრომდე „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ დირექტორის პოზიციას იკავებდა.

ახალი კანონმდებლობის თანახმად, ფონდის მმართველობით ორგანოებად სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო განისაზღვრა. მთავრობის მიერ სამეთვალყურეო საბჭო კი შემდეგნაირად დაკომპლექტდა: ვაზილ ჰუდაკი, დავით საგანელიძე, მერაბ კაკულია, ავთანდილ სილაგაძე და ნანა ადეიშვილი. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ კაკულია, ხოლო აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ – ავთანდილ სილაგაძე იქნა არჩეული.

გარდა ამისა, წესდების მიხედვით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ პროექტების დაფინანსებისთვის პრიორიტეტული მიმართულებებიც განისაზღვრა, ესენია: მაღალტექნოლოგიური და ეკომეგობრული წარმოება; ინოვაციური წარმოება და დამწყები საწარმოები (სტარტაპები), ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება.