კვირას, საფრანგეთში, რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, პირველადი შედეგებით, ხმათა ყველაზე დიდი რაოდენობა – 34% – მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ეროვნულმა ფრონტმა“ მოიპოვა.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი საყოველთაო არჩევნების დანიშვნა ივნისის დასაწყისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს მოჰყვა. გადაწყვეტილებისკენ მაკრონს არჩევნებში მემარჯვენეთა მიმართ მხარდაჭერის ზრდამ უბიძგა. წლევანდელი შედეგებით, ევროპარლამენტში მაკრონის პარტიის მანდატები 102-დან 83-მდე შემცირდა. მარინ ლე პენის მხარდამჭერთა პარტია „რეკონკისტას“ კი ქვეყანაში ამომრჩეველთა 31.5%-მა დაუჭირა მხარი.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაკრონმა სწორედ თავისი პარტიისადმი მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით დანიშნა. თუმცა სასურველი შედეგები ვერც ამ შემთხვევაში მიიღო. არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, მემარცხენეთა ალიანსს, „ახალ სახალხო ფრონტს“ – 28,1%-მა, ხოლო პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტულ კოალიციას ამომრჩეველთა 20,3%-მა დაუჭირა მხარი.
საფრანგეთის ვადამდელი არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვთ კანდიდატებს, რომლებმაც პირველ ტურში ხმების, სულ მცირე, 12.5% დააგროვეს. არჩევნების შედეგად, საფრანგეთის მოსახლეობა პარლამენტის ქვედა პალატის 577 წევრს აირჩევს. პირველ ტურში გასამარჯვებლად კანდიდატებს ხმების, სულ მცირე, 50% სჭირდებოდათ, რომლის დაგროვებაც ვერც ლე პენის პარტიამ შეძლო.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, მაკრონმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნით შესაძლოა ძალაუფლება ულტრამემარჯვენეებს გადააბაროს. მიუხედავად ამისა, მაკრონი არჩევნების დანიშვნას „ყველაზე მძიმე, სერიოზულ და საპასუხისმგებლო“ გადაწყვეტილებად აფასებს. თავად მაკრონი პოსტზე დარჩენას 2027 წლამდე, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გეგმავს და ამაზე გავლენას არც არჩევნების შედეგები იქონიებს.