საფრანგეთის საავტომობილო გზებზე კომპანია EasyMile-ის მიერ შექმნილი, ავტონომიური მართვის სისტემით აღჭურვილი მანქანის, EZ10-ის გადაადგილება დაუშვეს. შედეგად, ის ევროპაში პირველი თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალება გახდა, რომელმაც ჩვეულებრივ გზებზე მოძრაობისთვის ავტორიზაცია მოიპოვა.
ცნობისთვის, EasyMile-მა EZ10, რომელსაც ბორბლებიან ყუთს უწოდებენ, საზოგადოებას 2015 წელს წარუდგინა. კომპანიამ ის მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის სინგაპურში, აშშ-ში, ფინეთსა და ავსტრალიაში გამოცადა. EasyMile-ის მიზანია, მის მიერ შექმნილი ავტონომიური მანქანა კერძო კამპუსებმა, ქარხნებმა, აეროპორტებმა და სხვა დაწესებულებებმა აქტიურად გამოიყენონ.
EZ10-ის უახლეს ვერსიას ერთდროულად 15 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ იქ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი ეტლის მოთავსებაა შესაძლებელი, ასევე მანქანა ცოტა ხნის წინ ავტონომიური პანდუსით აღიჭურვა. ამას გარდა, EasyMile-მა გერმანული სტარტაპის, Sono Motors-ის დახმარებით EZ10-ში მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტები ჩაამონტაჟა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების დიაპაზონი გაზარდა.
EasyMile-მა საკუთარი მანქანა საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში მდებარე კერძო სამედიცინო კამპუსში გამოცადა. ის დაწესებულების შესასვლელსა და პარკინგისთვის განკუთვნილ ზონას შორის, 600-მეტრიან დისტანციაზე გადაადგილდებოდა. აღნიშნულ გზას ველოსიპედით მოსარგებლეები, ფეხით მოსიარულეები, ასევე ავტომობილები და ავტობუსები იზიარებენ. სერვისის უსაფრთხოებისა და საიმედოობის დადასტურების შემდეგ, EZ10-მა საფრანგეთის გზებზე გადაადგილების ნებართვა მიიღო. როგორც ცნობილია, ავტონომიურ ავტომობილებს ქვეყნის ფარგლებში მოძრაობის უფლება 2022 წლის სექტემბრიდან მიეცემათ.