საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც "ჩრდილოვანი ეკონომიკის" წილი ყველაზე მაღალია

საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც "ჩრდილოვანი ეკონომიკის" წილი ყველაზე მაღალია

მსოფლიოს 158 ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 31.9%-ია. საქართველო კი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან მიმართებით ყველაზე მაღალია, – საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან 64.9%-ია. ამ მაჩვენებლით საქართველო ზიმბაბვესა (60.6%) და ბოლივიას (62.3%) გვერდით დგას.  

მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის ჩრდილოვანი ეკონომიკა შვეიცარიას (7,2%), ამერიკის შეერთებულ შტატებსა (8,3%) და ავსტრიას (8,9%) აქვს. 

სავალუტო ფონდის კვლევა 1991 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამავე მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 53.07%-მდე შემცირდა.  

ჩრდლოვან ეკონომიკად სავალუტო ფონდი ყველა იმ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებს, რომელიც დამალულია სახელმწიფო უწყებებისთვის სხვადასხვა მიზეზებით. მიზეზებს შორის სახელდება გადასახადებისგან და ბიუროკრატიული მექანიზმებისგან თავის არიდება.  

ჩრდილოვანი ეკონომიკის გასაზომად სავალუტო ფონდმა გამოიყენა სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების მონაცემები, გამოკითხვები და ოჯახების შემოსავლებსა და მოხმარებას შორის არსებული უთანაბრობა.  

OECD-ის ქვეყნებს შორის ჩრილოვანი ეკონომიკის წილი საშუალოდ 20%-ზე დაბალია. ჯამში მსოფლიოში 1991 წლიდან 2015 წლამდე ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 5%-ზე მეტად შემცირდა. კვლევის მიხედვით, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. 

საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 52.19%-ია, სომხეთში 42.59%, თურქეთში 31.38%, ხოლო რუსეთში კი 39.73%. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *