საქართველო Madrid Fusión 2024-ზე სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი

საქართველო Madrid Fusión 2024-ზე სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე, Madrid Fusión 2024-ზე სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება 29-31 იანვარს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.

„საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იქნება ეგრეთწოდებული Show Kitchen-ი.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

3 დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. Madrid Fusión 2024-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან“, – ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, Madrid Fusión 2024-ზე მასპინძელი ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები წარდგებიან.