საქართველოს მთავრობამ, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში პირველად, „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.
TI Georgia-ის ცნობით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგში მონაწილეობას არ დათანხმდა, განსხვავებით: უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და მონღოლეთისგან. მონიტორინგის მიზანი ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს ძირეული შეფასება, გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაა. OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესი ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი.
მიმდინარე წელს, მონიტორინგის მეხუთე რაუნდი შემდეგი კრიტერიუმების შეფასებას ითვალისწინებდა: ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; კორუფციის კანონის პრაქტიკაში აღსრულება, მათ შორის თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემის ფუნქციონირება; სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების ფუნქციონირება; მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების გამოძიების ეფექტიანობა.
ცნობისთვის, მონიტორინგი 2003 წლიდან, სტამბულის სამოქმედო გეგმის (IAP) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და წევრი ქვეყნების მიერ გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC), სხვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მუდმივ მონიტორინგს გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საქართველოს მთავრობას მონიტორინგში მონაწილეობისკენ და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულ ქსელთან (OECD/ACN) თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.