საქართველომ IMF-საგან 286 მლნ დოლარის ოდენობის სარეზერვო აქტივი მიიღო

საქართველომ IMF-საგან 286 მლნ დოლარის ოდენობის სარეზერვო აქტივი მიიღო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მისი წევრი ქვეყნების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისა და ეკონომიკის აღდგენის მიზნით, 2021 წელს ნასესხობის სპეციალური უფლების განაწილების ახალი წესი დაამტკიცა. შედეგად კი სახელმწიფოებს შორის 650 მილიარდი აშშ დოლარი გადაანაწილა.

ნასესხობის სპეციალური უფლების განაწილება ძალაში 23 აგვისტოდან შევიდა. თითქმის 193 მილიარდი ნასესხობის სპეციალური უფლება (SDR) ანუ 275 მილიარდი აშშ დოლარი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს, მათ შორის დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებს ერგო.  შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან სარეზერვო აქტივები მიიღო საქართველომაც.

საქართველოსათვის განკუთვნილმა ნასესხობის სპეციალურმა უფლებამ 202 მილიონი SDR შეადგინა, რაც 286 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია. ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა. SDR-ის ფლობა სახელმწიფოსათვის საერთაშორისო რეზერვების შესავსებად ძვირად ღირებული  საშინაო და საგარეო ვალის აღების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

თუმცა SDR-ს სხვა ფუნქციაც აქვს. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, SDR ქვეყნის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. ის, ერთი მხრივ, საგადასახდელო ბალანსის აქტივებში როგორც სარეზერვო აქტივი ისე აღირიცხება, მეორე მხრივ კი ის გრძელვადიან ვალდებულებას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ SDR-ების ამგვარი განაწილება ბოლოს 2009 წელს მოხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი ფინანსურმა ინსტიტუტმა სახელმწიფოთა 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად მიიღო. მაშინ საქართველოს 225.5 მილიონი აშშ დოლარი ერგო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *