საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია განათლების ხელშეწყობასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით, 30 მარტს 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალური ტური 25-ედ გაიმართება.

კონკურსი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას, როგორც კრიტიკული, ასევე ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.

საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მიზნით, წელს კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო, საიდანაც 30 ნახევარფინალისტი შეირჩა. მათგან ფინალურ ეტაპზე კი 11 ახალგაზრდა გადავიდა.

ფინალური ტურში მონაწილეები მოამზადებენ ხუთწუთიან გამოსვლას თემაზე: „You don’t get a second chance to get a second opinion”. კონკურსის ფარგლებში, ჟიურის წევრები 11 საუკეთესო კანდიდატიდან სამ გამარჯვებულს შეარჩევენ. პირველი ადგილის მფლობელი კი ლონდონში გაემგზავრება. წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრები არიან: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი; სამხედრო ატაშეს მოადგილე, ჯოანა როი; ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე – კრისტოფერ ანდერსონი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ბანკის წარმომადგენელი და საჯარო მეტყველების კონკურსის 2019 წლის გამარჯვებული გუგა სუხიაშვილი; განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, თამთა კამკამიძე და ESU-Georgia-ს პრეზიდენტი მარინა ციციშვილი

„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა გვაქვს განხორციელებული. ჩვენი კომპანია, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აღნიშნულ კონკურსს მეთერთმეტე წელია უჭერს მხარს. რადგან მიგვაჩნია, რომ საჯარო მეტყველების კონკურსი, როგორც ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, ინგლისური ენის პოპულარიზაციას და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სიტყვით გამომსვლელებს აქვთ უნიკალური შანსი, საქართველო ლონდონში ფინალურ კონკურსზე წარადგინონ და საკუთარი თავი მსოფლიოს გააცნონ. მოხარული ვართ, რომ წელსაც მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა პროექტისთვის და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ინგლისური ენის საშუალებით. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *