დადასტურებულია GRANT THORNTON-ისა და EBIT GROUP-ის მიერ.
საქართველოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ფინანსური შედეგები ყოველწლიურად უფრო გამჭვირვალე ხდება. მცირედი გამონაკლისების გარდა უმსხვილესი მწარმოებლების უდიდესი ნაწილის 2018 წლის ფინანსური შედეგები საჯაროდ არის გამოქვეყნებული.
რეიტინგში შემავალი ღვინისა და სპირტიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებლების შემოსავლის ჯამური მოცულობა 618.5 მილიონ ლარს შეადგენს, წმინდა მოგება – 104 მილიონ ლარს, აქტივები 1.2 მილიარდი ლარია.
რეიტინგში პირველ ადგილზე ჯგუფი “კახური ტრადიციული მეღვინეობაა“, რომლის შემოსავალიც 2018 წელს 84.5 მილიონ ლარს აჭარბებდა, წმინდა მოგების მაჩვენებელი კი 24 მილიონი ლარი იყო. KTW ამასთანავე, აქტივების ზომითაც უმსხვილესია და მისი ვენახების, მარაგების თუ სხვა აქტივების ჯამური ღირებულება 164 მილიონ ლარს შეადგენს.
დარგის რეიტინგში მეორე ადგილზეა “თელიანი ველი“, რომლის შემოსავალიც 70 მილიონ ლარს აჭარბებს, მესამე ადგილზე კი, 39.9 მილიონით, სს “ბადაგონია“.
სტატია 2018 წლის ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით არის მომზადებული, მისი მთავარი კრიტერიუმია კომპანიის მთლიანი შემოსავლის მაჩვენებელი, დამხმარე კრიტერიუმებს კი წმინდა მოგებისა და აქტივების ზომის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს.