საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების აქტივების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სების ცნობით, 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, მათი მთლიანი აქტივები 2.17 მილიარდი ლარით, 3.2%-ით გაიზარდა და თვის ბოლოს 69.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, მოცემული დროისთვის საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.6 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8%-ია.
რაც შეეხება რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციებს – სების მონაცემებით, 2023 წლის ივნისში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 1.6 მილიარდი ლარით, 3.50%-ით გაიზარდა და თვის ბოლოს 47.33 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 2.88%-ით გაზიარდა საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა და თვის ბოლოს 46.79 მილიარდი ლარს მიაღწია. სების ცნობით, ივნისში ვადიანი დეპოზიტები 0.01%-ით, 1.5 მილიონი ლარით შემცირდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 1.31 მილიარდი ლარით, 4.74%-ით გაიზარდა.