საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი

საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი

დადასტურებულია Ebit Group-ის მიერ.


სამშენებლო სექტორი და მასთან დაკავშირებული სფეროები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.5%-ს ქმნის და 100 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 2020 წელს სექტორი მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, წლის მეორე კვარტალში სექტორის ბრუნვა 24%-ითაც კი შემცირდა, რაც ტურიზმის სექტორის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა იყო. თუმცა წლის მესამე კვარტალში სამშენებლო სფეროს ბრუნვა შედარებით გაუმჯობესდა.

სამშენებლო სექტორი თავის მხრივ ორ ძირითად მიმართულებად იყოფა, ესენია: საცხოვრებელი სახლებისა და ნაგებობების მშენებლობა; სპეციალიზებული ინფრასტრუქტურის – გზების, ხიდების, გვირაბების, მილსადენების, თბოსადგურების, ჰიდროელექტროსადგურებისა და სხვა ობიექტების მშენებლობა.

განსხვავებით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისგან, ეკონომიკურ კრიზისს მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე შედარებით ნაკლები გავლენა აქვს, რადგან ამ პროექტების დამკვეთი ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოა.

სამშენებლო კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები თანდათანობით უფრო გამჭვირვალე ხდება, რის შედეგადაც შესაძლებელია ამ სექტორში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიების რეიტინგის წარმოდგენა.

სამშენებლო სექტორის #1 მოთამაშე არის „ანაგი”, რომელიც როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურის, – სტადიონების, ქარხნების, აეროპორტების – ასევე საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების მშენებლობით არის დაკავებული. კომპანიის შემოსავალი 2019 წელს 241.5 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 34.5 მილიონი ლარი იყო.

მეორე უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა „ბლექ სი გრუპი“, რომელიც ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობით არის დაკავებული. კომპანიის შემოსავალმა 2019 წელს 178.5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 5.7 მილიონი ლარი შეადგინა. მესამე ადგილზეა სამშენებლო კომპანია Age Batumi, რომელიც თურქული სამშენებლო კომპანია „აგე ინშაათ ვე თიჯარეთის” ქართული შვილობილია. კომპანია 2019 წლის განმავლობაში „შუახევიჰესის” მშენებლობით იყო დაკავებული და მისმა შემოსავალმა 139.3 მილიონი ლარი შეადგინა. რეიტინგში ასევე შედიან საქართველოს მთავრობის კონტრაქტორი ჩინური კომპანიები, რომლებიც მაგისტრალებსა და გვირაბებს აშენებენ. ასევე ქართული კომპანიები, რომლებიც ძირითადად საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობით არიან დაკავებული.

რეიტინგი კომპანიების მიერ წარდგენილი 2019 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე არის მომზადებული. რეიტინგში შემავალი 30 უმსხვილესი კომპანიის შემოსავალმა 2019 წელს 1.81 მილიარდი ლარი შეადგინა.



შპს „ფერის“ და შპს „დაგის“ შემთხვევაში წარმოდგენილია 2018 წლის მონაცემები, რადგან მათი 2019 წლის შედეგები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა.