რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის, განცხადებით, რიკოთზე საქართველოში ყველაზე გრძელი, 1800-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა. ახალი გვირაბი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E-60) შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებული გვირაბის პარალელურად მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ ახალი გვირაბი რიკოთის საგზაო პროექტის ფარგლებში გაიჭრა და ის ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გზის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში გვირაბში ელექტრო-საინჟინრო სამუშაოები დაიწყება. პროექტის სრულად დამთავრება კი 2024 წლის განმავლობაშია დაგეგმილი.
საერთო ჯამში, ჩუმათელეთ-ხევის 12-კილომეტრიან მონაკვეთზე, პროექტის ფარგლებში 22 ხიდი და 3 გვირაბი მოეწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება კი 330 მილიონ ლარს შეადგენს. ჩუმათელეთ-ხევის საგზაო მონაკვეთს ჩინური კომპანია აშენებს და ის ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და მსოფლიო ბანკთან (WB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამუშაოების 60%-ზე მეტი უკვე დასრულებულია. ავტომობილებს გადაადგილება გზის 261 კმ-ზე შეუძლიათ, დარჩენილ 81 კილომეტრზე კი სამუშაოები კვლავ გრძელდება.
მინისტრის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან, 50 – უკვე გაჭრილი, ხოლო 97 ხიდიდან 83 – აგებულია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ რიკოთის ახალ გზატკეცილზე მოძრაობა 27-კილომეტრიან მონაკვეთზე გაიხსნა.