ირანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანია Georgia Petrochemical and Aviatech აშშ-მ სასანქციო სიაში შეიყვანა. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობისა და უსაფრთხოების ბიურომ იმ კომპანიების განახლებული სია გამოქვეყნა, რომლებიც ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.
Georgia Petrochemical and Aviatech (შპს ჯორჯია პეტროქემიკალ ენდ ავიატექ) საქართველოში 2008 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა. მას შემდეგ, საჯარო რეესტრის ბაზაში კომპანიაზე ამონაწერი არ ფიქსირდება.
სანქციები ამერიკული წარმოების ალუმინის პროდუქციის ირანში უკანონო ექსპორტს უკავშირდება. კერძოდ, ექსპორტი ხორციელდებოდა აშშ-დან საქართველოში, შემდეგ გაერთიანებულ საემიროებში, იქიდან კი მალაიზიაში და მალაიზიის გავლით ირანში. სწორედ მსგავსი მეთოდით ირანის მოქალაქე საიდ ვალადბეიგი ამერიკული სანქციების გვერდის ავლით ახერხებდა პროდუქციის ირანში შეტანას. გარდა ქართული კომპანიისა მის სქემაში მონაწილეობდა არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანიები Super Alloys LLC და Emirates Alloys LLC. ასევე, მალაიზიაში რეგისტრირებული კომპანია NBH Industries.
აშშ-ს მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ სიაში ათობით კომპანიაა მოხვედრილი. მათგან საქართველოს მხოლოდ ერთი უკავშირდება. სიაში მოხვდა ორი კომპანია საქართველოს მეზობელი სომხეთიდან.