საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, გასული წლის ამავე კვარტალთან შედარებით ზრდამ 13.1% შეადგინა, წინა კვარტალთან შედარებით კი – 3%.
მონაცემები დათვლილია თბილისის არეალში და მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს მოიცავს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში ზრდა დაფიქსირდა როგორც ბინების, ასევე კერძო სახლების შემთხვევაში. კონკრეტულად კი ბინების ფასების ინდექსი პირველ კვარტალთან შედარებით 3.4%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 10.6%-ით გაიზარდა. კერძო სახლების ფასების ინდექსში პირველ კვარტალთან შედარებით 1.6%-იანი, 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი 16.2%-იანი ზრდა აღინიშნა.
თბილისის უბნებს შორის როგორც ბინების, ასევე კერძო სახლების სეგმენტში კვადრატული მეტრის მედიანური ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და პირველ შემთხვევაში 5,167 ლარს, მეორე შემთხვევაში კი 3,776 ლარს შეადგენს.