4 ივლისს საქართველოში ზედიზედ მეხუთედ გაიმართა Change Inspire-ის საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია, რომლის ექსკლუზიური მედიაპარტნიორი Forbes Georgia იყო.
TBC Bank-ის მხარდაჭერილ და HT Solutions-ის მიერ ორგანიზებული, ქვეყანაში უდიდესი ტექკონფერენციის მიზანი ცოდნის გაზიარება, სექტორის გაძლიერებაა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, IT-მენეჯერები და ინჟინრები იღებდნენ.
კონფერენციას წელს 500-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მთავარ თემებს შორის კი ციფრული ტრანსფორმაცია, FinOps-ი, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება, ასევე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და ხარჯთეფექტიანობას შორის ბალანსის მოძებნა იყო.
წლის მთავარ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე მსმენელის წინაშე სპიკერები წარდგნენ იმგვარი კომპანიებიდან, როგორიცაა TBC, Rakuten Viber-ი, Cloudera, TeraSky და სხვ.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიების დასკვნითი ნაწილი შედგებოდა Forbes Georgia-ს ორი პანელისგან, რომელთა მოდერატორი გამოცემის მთავარი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი იყო.
პირველი პანელის თემა იყო გლობალური ინტეგრაცია და ლოკალური გავლენა საქართველოს ციფრულ სერვისებში. კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დაცვაზე, გადახდების მომავალზე, AI-ის ინტეგრაციასა და ციფრულ ეკოსისტემაზე ისაუბრეს Glovo-ს კომერციულმა დირექტორმა თორნიკე გაბიცინაშვილმა, საქართველოსა და სომხეთში Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა დავით ზღუდაძემ და Setanta Georgia-ს დირექტორის მოადგილე თამარ ბადაშვილმა.
რაც შეეხება მეორე პანელს, მისი თემა საქართველოს ელკომერციის სფეროში ციფრული ტრანსფორმაციის როლს ეხებოდა. პანელის წევრების იყვნენ TNET-ის CEO გიორგი ჩუმაშვილი, Veli.Store-ის CEO არჩილ ფირიაშვილი და Quickshipper-ის დამფუძნებელი მარიამ ახვლედიანი. მათ, ძირითადად, ისაუბრეს ელკომერციის უახლეს ტენდენციებზე ქვეყანაში და მის მიღმა, სტრატეგიულ ციფრულ ტრანსფორმაციასა და მის გამოწვევებზე, ასევე, ტექნოლოგიებით მართულ საოპერაციო ეფექტიანობაზე.
გარდა სპიკერების საინტერესო გამოსვლებისა და Forbes Georgia-ს პანელებისა, კონფერენციაზე გაიმართა სამუშაო შეხვედრებიც, ღონისძიება კი Axis Tower-ის 37-ე სართულზე არაოფიციალურ გარემოში ნეტვორკინგ-საღამოთი დასრულდა.