გასულ კვირას საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2020 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, 2020 წელს აღნიშნული მონაცემი გასულ წელთან შედარებით 5.4%-ით (61.5 ლარი) გაიზარდა და 1 191 ლარი შეადგინა.
საინტერესოა, რომ საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი მხოლოდ ბოლო სამი წელია, რაც ოთხნიშნა რიცხვი გახდა. მაგალითად, 2005 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 204.2 ლარს შეადგენდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ზრდა ყოველწლიურია. ყველაზე დიდი ზრდა 2007-დან 2008 წლამდე პერიოდში დაფიქსირდა. 2007 წელს აღნიშნული რიცხვი 368.1 ლარს შეადგენდა, 2008-ში კი საშუალო თვიურმა ხელფასმა 534.9 ლარს მიაღწია. ერთი წლის განმავლობაში ცვლილება 166.8 ლარი გახლდათ.
საინტერესოა ისიც, რომ 2020 წელს გასულ წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. მაგალითად, საფინანსო და სადაზღვევო სექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2 156.9 ლარი შეადგინა, რაც 6.2%-ით მეტია 2019 წლის მონაცემებზე. საკმაოდ მსუყე ზრდა განიცადა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში დასაქმებულთა ხელფასებმაც. აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 16.3%-ით გაიზარდა და 1 885.7 ლარი შეადგინა.
სანაცვლოდ კი კლება შეინიშნება პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში, სადაც საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2.3%-ით შემცირდა და 1 852.3 ლარს გაუტოლდა.