გერმანიის სასამართლომ მილიარდერი კარლ-ერივან ჰაუბი დაკარგვიდან 3 წლის შემდეგ გარდაცვლილად ოფიციალურად გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 58 წლის ჰაუბი სათხილამურო ალპინიზმის რბოლისთვის ვარჯიშობდა, როდესაც იგი შვეიცარიის ალპებში გაუჩინარდა.
გერმანელი ბიზნესმენი ბოლოს 2018 წლის 7 აპრილს ნახეს, ხოლო მომდევნო დილით მას შემდეგ, რაც შვეიცარიის კურორტ ცერმატის სასტუმროში არ გამოცხადდა, პოლიციაში დაკარგულად ცნეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰაუბის ოჯახმა ერთი კვირის შემდეგ მისი პოვნის იმედი დაკარგა და ბიზნესმენის ძებნა ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერში შეწყდა.
ჰაუბის ძმებმა, კომპანიამ და მეუღლემ სასამართლოს მიმართეს, რათა იგი ოფიციალურად გარდაცვლილად გამოცხადებულიყო. მტკიცებულებების საფუძველზე, კიოლნის საოლქო სასამართლომ პარასკევს განაცხადი დააკმაყოფილა და დაღუპვის თარიღად 2018 წლის 7 აპრილი გამოაცხადა.
ცნობისთვის, ბიზნესმენი 2000 წლიდან საცალო ვაჭრობის ჯგუფს Tengelmann-ს ხელმძღვანელობდა. ხოლო ჰაუბის გაუჩინარების შემდეგ კომპანიის ერთადერთ აღმასრულებელ დირექტორად მისი უმცროსი ძმა, კრისტიან ჰაუბი დასახელდა.