იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიემგზავრება

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიემგზავრება

იუსაკუ მაეზავა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილია, როგორც იაპონელი მილიარდერი, რომელიც  ილონ მასკთან პარტნიორობით გეგმავს  პროექტ #dearMoon-ის განხორციელებას  და რვა ადამიანთან ერთად მთვარის გარშემო რამდენიმედღიან მოგზაურობას.

იუსაკუ მაეზავამ ისევ მიიპყრო მედიის ყურადღება საკუთარი გადაწყვეტილებით, 2009 წლის შემდეგ იყოს  პირველი ტურისტი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ეწვევა. ფრენას უზრუნველყოფს კომპანია Space Adventure-ი. იაპონელი მილიარდერი, სავარაუდოდ, 8 დეკემბერს გაფრინდება რუსული Soyuz-ით ბაიკონურის კოსმოდრომიდან. მასთან ერთად კოსმოსში 12 დღეს გაატარებს მისი ასისტენტი იოზო ჰირანო და კოსმონავტი ალექსანდრ მისურკინი.

აღნიშნული ფრენა რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი: პირველი – მაეზავა და ჰირანო პირველი ტურისტები იქნებიან, რომლებიც 2009 წლის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმოგზაურებენ. მეორე – ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა კოსმოსური ხომალდის სამი ადგილიდან ორს ტურისტი დაიკავებს. მესამე – მილიარდერი  კოსმოსური მოგზაურობის შესახებ გამოცდილების Youtube-ზე გაზიარებას გეგმავს.

მაეზავა და მისი გუნდი სამთვიან მომზადებას  ივნისში, იური გაგარინის სახელობის კოსმონავტთა მოსამზადებელ ცენტრში გაივლიან. დიდი ალბათობით, სოციალურ ქსელებში მისი გამომწერები ვიდეოებს მოგზაურობის სამზადისის შესახებ  მალევე ნახავენ. მილიარდერის განმარტებით, მას ყოველთვის აინტერესებდა, რა ხდება კოსმოსში, ამიტომ მზადაა, გაეცნოს ამ სამყაროს და   გამოცდილება საკუთარ ფანებსაც გაუზიაროს.

როგორც ცნობილია, კოსმოსში ვიზიტი საკმაოდ ძვირია – 8-12 დღიანი მოგზაურობის ფასი ერთი ადამიანისთვის $20-დან $35 მილიონამდე მერყეობს. მართალია, ჯერ ცნობილი არაა, იუსაკუ მაეზავას რისი გადახდა უწევს საკუთარი და ასისტენტის კოსმოსური მოგზაურობისთვის, თუმცა სავარაუდოდ ხომალდზე ერთი ადგილის ფასი აღნიშნულ შუალედში შენარჩუნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.