საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდი Pagani-ს 30%-იან წილს ყიდულობს

საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდი Pagani-ს 30%-იან წილს ყიდულობს

საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდი იტალიური „სუპერქარების“ მწარმოებლის, Horacio Pagani SpA-ს არასაკონტროლო პაკეტს ყიდულობს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. გარიგების შემდეგ, კომპანიის საკონტროლო პაკეტი კვლავაც პაგანების ოჯახს დარჩება. აღსანიშნავია, რომ ეს ფინანსური გარიგება ორ მხარეს შორის აქამდე არსებული წარმატებული სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგია, რაც, თავისთავად, ავტოინდუსტრიის მიმართ საუდის არაბეთის მზარდი ინტერესის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

აღსანიშნავია, რომ „ბლუმბერგმა“ ჯერ კიდევ აპრილში დაწერა, რომ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა მრჩევლები დაიქირავა, მათ შორის ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფიც, რომელთა დახმარებით, ადგილობრივი წარმოების ელექტრომანქანების ბიზნესის ჩამოყალიბებას გეგმავდა. ელექტრომანქანების ინდუსტრიაში საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდი საკმაოდ აქტიურია: 2018 წელს, მათ Tesla-ს მცირე წილი იყიდეს, ხოლო მოგვიანებით ფული Lucid Group-შიც დააბანდეს.

„[საუდის არაბეთის] საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF) იდეალური პარტნიორია „პაგანის“, როგორც „ჰაიპერქარების“ ინდუსტრიის ისტორიული ბრენდის უკვდავსაყოფად, ისევე საყოფაცხოვრებო სეგმენტში კომპანიის ზრდის სტრატეგიის კონსოლიდირებისთვის“, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჰორაციო პაგანიმ.

„სუპერქარების“ იტალიური კომპანია არგენტინელ-იტალიელმა ჰორაციო პაგანიმ ჩრდილოეთ იტალიაში დააარსა, 1992 წელს. აღსანიშნავია, რომ კარიერის დასაწყისში ჰორაციო პაგანი „ლამბორგინიში“ მუშაობდა, სადაც ნახშირბადის ბოჭკოს მომავალი განსჭვრიტა. მისი ხედვების შესახებ ჰორაციომ „ლამბორგინის“ ხელმძღვანელობას მოახსენა, თუმცა – ამაოდ. იმედგაცრუებულმა იტალიელმა საკუთარი მანქანის შექმნა გადაწყვიტა – ასე გაჩნდა „პაგანის“ ლეგენდარული მოდელი Zonda.

 

ფოტო: Horacio Pagani SpA