„სელფი მობაილმა“, თიბისი კაპიტალმა და „გალტ & თაგარტმა“, ობლიგაციების განთავსების თაობაზე შეხვედრა ჩაატარა

„სელფი მობაილმა“, თიბისი კაპიტალმა და „გალტ & თაგარტმა“, ობლიგაციების განთავსების თაობაზე შეხვედრა ჩაატარა

ქართული მობილური ოპერატორის, „სელფი მობაილის“ 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების გამოშვების დახურვასთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრა არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის. შეხვედრა სიტყვით გახსნა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ, რის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსია „სელფი მობაილის“, განთავსების აგენტების – „გალტ & თაგარტის“ და თიბისი კაპიტალის, ასევე საპენსიო სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობით. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს ობლიგაციების განთავსების დეტალები და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება საქართველოში.

„სელფი მობაილის“ ობლიგაციებზე დაფიქსირდა უპრეცედენტო მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან, რომელმაც 25%-ით გადააჭარბა მიწოდებას. ასევე აღსანიშნავია საპენსიო სააგენტოს მხრიდან მაღალი დაინტერესება, რაც აისახა სააგენტოს მიერ ქართულ ფასიან ქაღალდებში აქამდე განხორციელებულ ყველაზე მსხვილ განთავსებაში. „სელფი მობაილის“ ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 6-თვიან TIBR + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით.

„ჩვენ აღვნიშნავთ „სელფი მობაილის“ მიერ 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების დახურვას. ამ ტრანზაქციის შედეგად, დღეს სელფის აქვს არა მხოლოდ გაუმჯობესებული დაფინანსების სტრუქტურა და საპროცენტო განაკვეთი, არამედ გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი, რასაც მოახმარს მისი ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას, 5G ტექნოლოგიის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების განვითარებას. ტრანზაქციაზე საუბრისას, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო „სელფის“ გუნდის თავდადება იმ საქმისადმი, რასაც ემსახურებიან, რაც აისახა როგორც ობლიგაციებზე უპრეცედენტო მოთხოვნაში, ისე კომპანიის მიერ ტელეკომუნიკაციის სექტორში ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მიღებაში. როგორც არაერთხელ ვთქვი, ობლიგაციების განთავსებით, სელფი განაგრძობს მომხმარებლისთვის მიცემული დაპირების შესრულებას, კერძოდ კომპანიის უწყვეტ განვითარებას იმისთვის, რომ ჩვენს აბონენტებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი პროდუქტები, საუკეთესო მომსახურება და საიმედო ქსელი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და ძალიან საინტერესო დისკუსიაში მონაწილეობისთვის ჩვენი განთავსების აგენტებს, „გალტ & თაგარტსა“ და თიბისი კაპიტალს, ჩვენს ინსტიტუციურ ინვესტორს – საპენსიო სააგენტოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს,“ – განაცხადა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ.

„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით სელფი მობაილმა მოახერხა მოეპოვებინა თავის სექტორში უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი და წარმატებით გამოეშვა სადებიუტო ლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. მოპოვებული მაღალი რეიტინგის შედეგად, კომპანიამ შეძლო ფინანსური ინსტიტუტების დივერსიფიცირებულ ინვესტორთა წრეზე ტრანზაქციის ხელსაყრელ პირობებში განთავსება. შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების სტრუქტურა, საპროცენტო განაკვეთი და დააფინანსა 5G-ს ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული პროექტები. ასევე მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანმა ინსტიტუციურმა ინვესტორმა, საპენსიო სააგენტომ, მორიგ ადგილობრივ ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა“, – ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის“ მმართველი დირექტორი.

“მოხარული ვართ, რომ თიბისი კაპიტალი “სელფი მობაილის” სადებიუტო ემისიის მხარდამჭერია. ობლიგაციების გამოშვებით, კომპანიამ შეძლო ფინანსური რესურსების დივერსიფიკაცია და საპროცენტო ხარჯის გაუმჯობესება. ამასთან ერთად, კომპანიას მომავალში შესაძლებლობა ექნება გამოათავისუფლოს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები, რითაც დააფინანსებს მსხვილ კაპიტალურ დანახარჯებს. შედეგად კი, უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტ განვითარებასა და მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებას. „სელფი მობაილის“ სადებიუტო ობლიგაციები გამყარებულია Scope Ratings-ის მიერ მინიჭებული BB-რეიტინგით (სტაბილური პერსპექტივით), რამაც ასევე შეუწყო ხელი ობლიგაციებისადმი ინტერესის ზრდას. შედეგად, ობლიგაციების შეძენის მიმართ დაინტერესება დაახლოებით 25%-ით აღემატებოდა ემისიის მოცულობას. ტრანზაქცია CBS ჯგუფისა და თიბისის 15-წლიანი წარმატებული პარტნიორობის მორიგი დასტურია“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი. S

 

სელფის შესახებ:

„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც დღეს 1,3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, კომპანია დგას დიჯითალ ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც ტექნოლოგიური მიღწევებით მომხმარებლების საჭიროებების მხარდაჭერაა.  „სელფი მობაილი” აქტიურად ვითარდება და არსებული ქსელის საფუძვლიან განახლებასთან და გაფართოებასთან ერთად, ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც საქართველოში 5G ტექნოლოგიას ნერგავს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.cellfie.ge

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

შპს თიბისი კაპიტალის შესახებ:

თიბისი ბანკის შვილობილი – თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. თიბისი კაპიტალი საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ემსახურება კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tbccapital.ge