ონლაინ ვაჭრობის ჩინური პლატფორმა Shein-ი ადგილობრივ კონკურენტ Temu-ს საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივის. Shein-ის მტკიცებით, Temu მის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის ასლებს ყიდის. ცნობისთვის, თავად Shein-იც სხვა ბრენდების მხრიდან მსგავსი ბრალდებების სამიზნე არაერთგზის გამხდარა.
ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის თანახმად, Shein-ი კონკურენტ პლატფორმას კომერციული საიდუმლოების მოპარვაში, ფალსიფიკაციაში, სასაქონლო ნიშნისა და საავტორო უფლებების დარღვევასა და ყალბ რეკლამირებაში ადანაშაულებს. კომპანიის განცხადებით, Temu-ს ქმედება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის პრაქტიკას წაახალისებს.
Shein-ის მტკიცებით, Temu-ს მინიმუმ ერთმა დასაქმებულმა მაინც, მათგან „ღირებული კომერციული საიდუმლოება“ მოიპარა, რომელიც მათ ყველაზე გაყიდვად პროდუქტებს შეეხებოდა. შემდეგ კი Temu-მ ეს პროდუქცია მომხმარებელს საკუთარ პლატფორმაზე შესთავაზა. გარდა ამისა, Shein-ი კონკურენტს მისი სახელით X-ზე ყალბი ანგარიშის შექმნაშიც ადანაშაულებს, რომლის საშუალებითაც მისი მომხმარებლების საკუთარ პლატფორმაზე გადაყვანას ცდილობდა.
ნაფიც მსაჯულთა მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, Shein-ი Temu-სგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Temu, ელექტრონული კომერციის კომპანია PDD Holdings-ის საკუთრებაშია. კომპანიის დამფუძნებელი კოლინ ჰუანგი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ი ჰუანგის ქონებას $50.8 მილიარდად აფასებს.