ფოტო: Getty Images
ელექტრონული კომერციის ჩინური პლატფორმა Shein-ი ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) ემზადება. თუმცა კომპანიის შეფასება ბოლო წლების პიკთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული და, თუ 2022 წელს კერძო დაფინანსების რაუნდებით $100 მილიარდს აჭარბებდა, დღევანდელი მდგომარეობით $30 მილიარდზე ნაკლებია.
ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე IPO-სთვის Shein-ი ოთხ წელზე მეტია, რაც ემზადება. თუმცა სწრაფი მოდის ელ.კომერციის პლატფორმამ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოებისგან საბოლოო თანხმობა მხოლოდ გასულ თვეში მიიღო. Shein-ის წინა მცდელობები, აქციები ნიუ-იორკისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე განეთავსებინა, ამ ქვეყნებში მაღალჩინოსნების წინააღმდეგობისა და კომპანიის ჩინური მიწოდების ჯაჭვის მიმართ არსებული ეჭვების გამო, ჩაიშალა.
Financial Times-ის ინფორმაციით, Shein-ი IPO-ს $30-მილიარდიანი შეფასებით ამზადებს. თუმცა პოტენციური ინვესტორების ნაწილი კომპანიის აქციების შეძენით, შედარებით დაბალი, $20-$30 მილიარდის შეფასებით დალისტვის შემთხვევაში, არიან დაინტერესებულნი.
ბოლო პერიოდში Shein-ის ფინანსური შედეგების გაუარესება რამდენიმე ძირითადი ფაქტორით, მათ შორის, აშშ-ის ტარიფების გავლენითა და Temu-სთან კონკურენციით აიხსნება. 2026 წლის პირველ კვარტალში Shein-მა $99 მილიონის წმინდა ზარალი მიიღო. კომპანიამ ინვესტორები აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო დაძაბულობის შესაძლო უარყოფითი გავლენების შესახებაც გააფრთხილა.














