„სწრაფი მოდის“ ჩინურმა კომპანია Shein-მა აქციების პირველად საჯარო განთავსებაზე მოთხოვნა კონფიდენციალურად წარადგინა. ინფორმაციას Wall Street Journal-ი და CNBC-ი ავრცელებენ. IPO-ის ანდერრაიტერები Goldman Sachs Group-ი, JPMorgan Chase-ი და Morgan Stanley არიან.
წყაროებზე დაყრდნობით, კომპანიის აქციების საჯაროდ შეთავაზება 2024 წლისთვის იგეგმება. ცნობისთვის, Forbes-მა გასულ წელს Shein-ი $100 მილიარდად შეაფასა, რაც „სწრაფი მოდის“ ინდუსტრიაში მისი ორი მთავარი კონკურენტის, Zara-სა და H&M-ის ერთობლივ ღირებულებაზე მეტია. თუმცა, Bloomberg-ის მონაცემებით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და ბაზარზე გაურკვევლობის ფონზე, კომპანიის ღირებულება $50-$60 მილიარდამდეა შემცირებული.
Bloomberg-ის მიერ მიმდინარე თვის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინურ კომპანიაში აქციების საჯაროდ განთავსებამდე $80-$90 მილიარდის შეფასების მიღებას იმედოვნებენ, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს IPO-დ აქცევს. მოსალოდნელ IPO-სთან დაკავშირებით კომპანიამ ამერიკულ Forbes-თან კომენტარზე უარი განაცხადა.
Shein-ი „სწრაფი მოდის“ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა. კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სკაი სუა – მსოფლიოს რიგით 166-ე და ჩინეთის მე-19 უმდიდრესი ადამიანი. Forbes-ი ბიზნესმენის ქონებას $11.2 მილიარდად აფასებს.