გასულ ფისკალურ წელს „შესანიშნავ შვიდეულში“ შემავალი კომპანიების მთლიანმა შემოსავალმა 2 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მთლიანი შემოსავლების თითქმის მესამედი ერთ კომპანიაზე, კერძოდ, Amazon-ზე მოდის.
2024 წელს ელექტრონული კომერციის გიგანტის შემოსავალმა 638 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 11%-იან ზრდას გულისხმობს. ამავდროულად, Nvidia-მ 131 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც Tesla-ს შემდეგ „შესანიშნავ შვიდეულში“ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა მისი გაყიდვების სამნიშნა ზრდა, ამ კუთხით, დანარჩენი კომპანიების შედეგს მნიშვნელოვნად ჩრდილავს.
Nvidia-ს შემოსავლების უმეტესობა მის გამოთვლით და ქსელურ მიმართულებაზე მოდის, რომელიც AI-პროცესორებსა და მონაცემთა ცენტრებში გამოყენებულ არქიტექტურას მოიცავს. მხოლოდ ამ მიმართულების წყალობით გასულ ფისკალურ წელს ტექნოლოგიურმა კომპანიამ $116.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეს ძირითადად AI-მოდელებისთვის საჭირო ჩიპებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
შემოსავლების წლიური ზრდის თვალსაზრისით მეორე საუკეთესო შედეგი Meta-ს ეკუთვნის. გასულ ფისკალურ წელს ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავალი 22%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, 2023 წელს წლიური ზრდის მაჩვენებელმა 16% შეადგინა.
Meta-ს შემოსავლების უდიდესი წილი რეკლამაზე მოდის. აქვე აღსანიშნავია, რომ გაფართოებული რეალობის განყოფილების წილმა შემოსავლებში მხოლოდ 1% შეადგინა.
„შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიებიდან შემოსავლების ყველაზე სუსტი ზრდა Tesla-მ დააფიქსირა. გასულ ფისკალურ წელს კომპანიის შემოსავლები მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ წლიური მიწოდება კომპანიის არსებობის განმავლობაში პირველად შემცირდა, განსაკუთრებით ჩინეთსა და ევროპაში.
კომპანია | წლიური შემოსავალი (ბოლო ფისკალური წელი) | შემოსავლების წლიური ზრდა | წინა ფისკალური წელი, შემოსავლების წლიური ზრდა |
---|---|---|---|
Amazon | $638 მილიარდი | 11% | 12% |
Apple | $391 მილიარდი | 2% | 3% |
Alphabet | $350 მილიარდი | 14% | 9% |
Microsoft | $245 მილიარდი | 16% | 7% |
Meta | $164.5 მილიარდი | 22% | 16% |
Nvidia | $130.5 მილიარდი | 114% | 126% |
Tesla | $97.7 მილიარდი | 1% | 19% |
ფისკალური წლის დასასრული 2024 წლის 31 დეკემბერსაა, Microsoft-ის (2024 წლის 30 ივნისი), Apple-ისა (2024 წლის 28 სექტემბერი) და Nvidia-ს (2025 წლის 26 იანვარი) გარდა.