შვედეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეგულაციის დაწესება გადაწყვიტა. კერძოდ, 22 საათის შემდეგ ბარებსა და რესტორნებში აიკრძალება ალკოჰოლის გაყიდვა. შედეგად ყველა იმ ბიზნეს ობიექტს, რომელიც ალკოჰოლს ყიდის, მოუწევს დაიხუროს არაუგვიანეს 22:30 საათისა.
თუ აღნიშნული აკრძალვა მიმდინარე დღეებში დამტკიცდა, ის ძალაში 20 ნოემბრიდან შევა და 2021 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, მსგავსი შეზღუდვები შვედეთის სკანდინავიელ მეზობლებს – ნორვეგიას და დანიას უკვე დაწესებული აქვთ.
ბუნებრივია, აღნიშნულ რეგულაციას ეწინააღმდეგებიან სექტორის წარმომადგენლები. როგორც ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერმა კონუ ალქვისტმა განაცხადა, ეს რეგულაცია არასამართლიანია.
თუმცა, როგორც შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა აღნიშნა, ინფექციის გავრცელება სწრაფად იზრდება, თუ ის არ შეჩერდა, მაშინ დაავადებულებისა და გარდაცვლილების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
შვედეთში კორონავირუსით დაინფიცირების ჯამში 166 707 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. გასულ დღე-ღამეში 4 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი საერთო ჯამში 6 000-ს სცდება.
შეგახსენებთ, შვედეთი იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის დასაწყისშივე არ მიმართა მკაცრ რეგულაციებს ვირუსის შესაჩერებლად. ქვეყანაში არც ლოქდაუნი გამოცხადებულა. ბოლო პერიოდში კი უკვე დაიწყეს გარკვეულ რეგულაციებზე საუბარი. ასე მაგალითად, გასულ თვეს შვედეთის ხელისუფლებამ რეგიონების მთავრობებს მისცა დისკრეცია, დააწესონ ადგილობრივი შეზღუდვები.