შვედეთში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ფსიქოლოგიური თავდაცვის სააგენტო ამოქმედდა

შვედეთში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ფსიქოლოგიური თავდაცვის სააგენტო ამოქმედდა

შვედეთმა ახალი სამთავრობო სააგენტო ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც უცხოური მთავრობებისაგან, რუსეთისგან, ჩინეთისა და ირანისაგან მომდინარე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაა. შვედეთის ფსიქოლოგიური თავდაცვის სააგენტოს ყოფილი ელჩი, ჰენრიკ ლანდერჰოლმი უხელმძღვანელებს და მას ჯამში 45 თანამშრომელი ეყოლება.

შვედეთის მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებით, სააგენტო აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან, სამხედრო მოსამსახურეებთან და მედიასთან ითანამშრომლებს და ქვეყნის მასშტაბით რეგიონებს, კომპანიებსა და ორგანიზაციებს გაუწევს დახმარებას.

შვედეთის ფსიქოლოგიური თავდაცვის სააგენტოს მიზანი უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი და დეზინფორმაციული ნარატივების აღმოჩენა, გაანალიზება და საპასუხო ზომების შემუშავება იქნება. „დეზინფორმაცია ნებისმიერი ხასიათის შეიძლება იყოს, მან შეიძლება შეასუსტოს ქვეყნის გამძლეობა ან მოსახლეობის სურვილი, დაიცვან საკუთარი სახელმწიფო, ან უბრალოდ ზეგავლენა მოახდინოს ადამიანთა აღქმასა და ქცევაზე“, – ვკითხულობთ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

შვედეთის მთავრობის წარმომადგენლების განმარტებით, სააგენტოს შექმნა რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციულმა ნაკადმა განაპირობა. შვედეთის მთავრობას არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსეთი, ჩინეთი და ირანი დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში. გარდა ამისა, შვედების დაახლოებით 10% ყოველდღიურად ეცნობა ახალ ამბებს რუსული მედიასაშუალებებით, მათ შორის Sputnik-თაც, რომელიც რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ მანქანად არის აღიარებული.

გარდა ამისა, Carnegie Endowment-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის მიხედვით, შვედი მოსახლეობა დეზინფორმაციის მსხვერპლია კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ამბებთან მიმართებითაც.