სინგაპურის მონეტარულმა სააგენტომ ციფრული გადახდების რამდენიმე მომსახურებას ლიცენზია მიანიჭა, რომლის მიხედვითაც მათ ქვეყანაში ოპერირება შეეძლებათ. აღნიშნული ნაბიჯი მოჰყვება სინგაპურის გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს კრიპტომიმოცვლის სერვისი, რითიც სინგაპური ინარჩუნებს აზიის კრიპტოჰაბის სტატუსს.
სინგაპურის ცენტრალური ბანკის განმარტებით, ციფრული გადახდის მომსახურების ლიცენზია 170 მსურველი აპლიკანტიდან მხოლოდ რამდენიმეს მიენიჭა. მსურველებს მოეთხოვებოდათ ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში უარის თქმის საფუძველი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სტანდარტებთან შეუსაბამობა იყო.
გასულ კვირას, ავსტრალიურმა კრიპტოვალუტის გაცვლითმა პლატფორმამ, Independent Reserve-მა განაცხადა, რომ სინგაპურის მონეტარულმა ინსტიტუტმა ციფრული გადახდების სერვისისათვის რეგულირებული პროვაიდერის სტატუსი და ლიცენზია მიანიჭა. გარდა ამისა, პლატფორმამ აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა ვირტუალური აქტივებით ვაჭრობის ინდუსტრიაში, რომელმაც სინგაპურისაგან მსგავსი პრივილეგია მიიღო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დროულად და მონუმენტურად აფასებენ სფეროს ექსპერტები. მათი მოსაზრებით, ტექნოლოგიური განვითარება უფრო ძლიერი ეკონომიკის გარანტია. გარდა ამისა, ინდუსტრიის დამკვირვებლები მოელიან, რომ მომავალში უფრო მეტი კრიპტოკომპანია მიიღებს სინგაპურის ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებას. თავად სინგაპური კი, კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს აზიური კრიპტოჰაბის სტატუსს. განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ მისმა რეგიონულმა კონკურენტმა, ჰონგ კონგმა, კრიპტოფინანსებისათვის მკაცრი მარეგულირებელი პოლიტიკის გატარების გადაწყვეტილება მიიღო.
საინტერესოა ისიც, რომ კრიპტოინდუსტრიის საწინააღმდეგო მთელი რიგი რეგულაციები დაინერგა ჩინეთშიც, რაც სულ უფრო მეტ ინვესტორს უბიძგებს სინგაპურის ბაზარზე გადასვლისაკენ.