ქვეყანაში თანამედროვე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესის სრული გაციფრულება, ელექტროენერგიით ვაჭრობის თანამედროვე პროგრამული პროდუქტების, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების მართვის ავტომატიზებული სისტემების ფართოდ დანერგვა. გაციფრულება მოიცავს „ჭკვიანი“ (Smart) ქსელის ჩამოყალიბებას, რომელიც მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მომხმარებლების საიმედო, უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფისა და, მეორე მხრივ, ცვლად განახლებად რესურსზე მომუშავე გენერაციის ობიექტების ქსელში ფართო ინტეგრაციისა და ელექტროენერგიით ვაჭრობაში მასიურად ჩართულობისათვის.
რა არის „ჭკვიანი“ ქსელი? – ეს გახლავთ ელექტროქსელი, რომელიც იყენებს ციფრულ და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა ელექტროენერგიის ტრანსპორტირება იმართოს ყველა გენერაციის წყაროდან იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლების განსხვავებული მოთხოვნები. „ჭკვიანი“ ქსელები კოორდინაციას უწევს ყველა გენერატორის, ქსელის ოპერატორის, საბოლოო მომხმარებლისა და ელექტროენერგიის ბაზრის დაინტერესებული მხარის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს. „ჭკვიანი“ ქსელების მიზანია სისტემის ყველა ნაწილის რაც შეიძლება ეფექტიანი გამოყენება, ხარჯებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირება, სისტემის საიმედოობა, გამძლეობა, მოქნილობა და სტაბილურობა.
ელექტროენერგიის გადაცემის ნაწილში „ჭკვიანი“ ქსელი შეეხება ელექტროტრანსფორმატორების დიგიტალიზაციას, ქვესადგურების ავტომატიზაციას და მოქნილი ალტერნატიული დენის გადაცემის სისტემებისა (FACTS) და სენსორების ექსპლუატაციას, რაც გაუმჯობესებულ კონტროლს, მონიტორინგსა და ოპტიმიზაციას განაპირობებს.
სხვადასხვა კვლევის თანახმად, სადისტრიბუციო სექტორი ციფრულ ინფრასტრუქტურაში მთელი ინვესტიციის დაახლოებით 75%-ს შეადგენს. გამანაწილებელი ქსელის გაციფრულება არის „ჭკვიანი“ მრიცხველებისა და ქვესადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, ტრანსფორმატორების, სენსორებისა და მონიტორინგის მოწყობილობების ერთობლიობა.
ქსელის გაციფრულება მარტივი და ხანმოკლე პროცესი არ არის, რადგან საკმაოდ დიდ ბიუჯეტსა და თანამიმდევრული პოლიტიკის გატარებას საჭიროებს. სმარტ-ქსელი საქართველოს ელექტროენერგიის გადაცემის ნაწილში გარკვეულწილად დამკვიდრებულია, რასაც უზრუნველყოფს „სკადა“-სისტემა, რომლის მეშვეობითაც ციფრულად ხდება ელექტროენერგიის გადაცემის სრული პროცესის მონიტორინგი. რაც შეეხება გამანაწილებელ ქსელს, საკანონმდებლო დონეზე და განვითარების გეგმებში სმარტ-ქსელის ჩამოყალიბება ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამანაწილებელი ქსელის „ჭკვიან“ ქსელად ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს მზისა და ქარისგან წარმოებული ელექტროენერგიის უფრო ჭარბი რაოდენობით ქსელში მიღებას და, დღევანდელი სიტუაციისგან განსხვავებით, იმ შეზღუდვების მოხსნას, რაც თან ახლავს გამანაწილებელ ქსელს.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ჩანაწერის შესაბამისად, გამანაწილებელი ქსელის განვითარება და შესაბამისი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა მოიცავდეს „ჭკვიანი“ ქსელისა და საჭიროების შემთხვევაში „ჭკვიანი“ აღრიცხვის სისტემების გამოყენების თაობაზე ჩატარებული კვლევებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციას. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით (2023 – 2033), განახლებადი ენერგიების ფართო ინტეგრაციის პროცესში ენერგოსისტემის ოპერირება სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება და სულ უფრო სცდება ოპერატორების კომფორტის ზონას. შესაბამისად, მომხმარებლებისთვის საიმედოობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, გადაცემის სისტემის ოპერატორს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია რეალურ დროში სისტემის საიმედოობის დონისა და საჭირო რეზერვების შესახებ. ამ მიზნით საქართველოში გადამცემი სისტემის ოპერატორი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუშაობს, რათა განაახლოს ენერგოსისტემის მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემა SCADA, შეუსაბამოს, ერთი მხრივ, ევროპული სტანდარტის საიმედოობის მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ წარმატებით უპასუხოს არსებულ და მომავალ გამოწვევებს.
„ჭკვიანი“ ქსელის ჩამოყალიბება გულისხმობს ელექტროენერგიის დამგროვებლების განვითარებასაც. დამგროვებელი არის ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა, სადაც შესაძლებელი იქნება მზისა და ქარისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვა და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება. სემეკს ამ მიმართულებით რეგულაციების შესამუშავებლად მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
„ჭკვიანი“ მრიცხველი SmartGrid-ის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა – მხოლოდ ნაწილი. სემეკის გადაწყვეტილებებით, ყველა ახალაშენებულ კორპუსში, რომლებიც ექსპლუატაციაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან არის შესული, მომხმარებლებისთვის უნდა დამონტაჟდეს „ჭკვიანი“ მრიცხველები. რაც შეეხება ძველ კორპუსებს, მრიცხველების ჩანაცვლებისას ეტაპობრივად მოხდება ძველი მრიცხველების ახალი, სმარტ-მრიცხველებით ჩანაცვლება.
რას ნიშნავს „ჭკვიანი“ აღრიცხვა? – ეს არის სისტემა, რომლის საშუალებითაც დისტანციურ რეჟიმში მომხმარებლის მრიცხველი დაკავშირებულია ძირითად ბაზასთან და ელექტრონულად რეგისტრირდება მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ხარვეზი მომენტალურად ფიქსირდება, მინიმუმამდე არის დაყვანილი დარიცხვის შეცდომები. ნებისმიერ მომხმარებელს, სმარტ-აღრიცხვის შემთხვევაში, შეუძლია შესაბამისი აპლიკაციის საშუალებით აკონტროლოს ელექტროენერგიის კომუნალური ხარჯები თუ მომსახურება.
ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ SmartGrid-ი არის უფრო ფართო, საიმედო ენერგეტიკული დღის წესრიგის ნაწილი, რომლის საკვანძო საკითხია მოთხოვნაზე რეაგირება.
სხვადასხვა ქვეყანაში ელექტროენერგიის ქსელებში სმარტ-ქსელის მოსაწყობად ინვესტიციების მუდმივი ზრდა ფიქსირდება. ქვეყნების ნაწილმა დააჩქარა ინვესტიციები შენობების, მრეწველობისა და ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის მხარდასაჭერად და ენერგოსისტემაზე ცვლადი განახლებადი ენერგიის დასაშვებად.
მაგალითად: ევროპული სადისტრიბუციო სისტემის ოპერატორები და გადამცემი სისტემის ოპერატორები პროგნოზირებენ უფრო მაღალ საინვესტიციო საჭიროებებს. აქცენტი განსაკუთრებით კეთდება განაწილებული ენერგორესურსებისა და ოფშორული ქარის ელექტროსადგურების დაკავშირებაზე, მოძველებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და ქსელების დიგიტალიზაციაზე.
ევროპას სმარტ-ქსელის განვითარების დიდი გეგმები აქვს. მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შეფერხებებისა, 2021 წლის გეგმებშიც, ევროპული ორგანიზაციების ანგარიშებში მითითებული იყო, რომ ინვესტიციები „ჭკვიან“ ქსელებში უნდა გაორმაგდეს 2030 წლამდე.
დაბოლოს, დამტენი მოწყობილობებიც წარმოადგენს ერთიანი სმარტ-ქსელის გარკვეულ ნაწილს. საქართველოში დამტენების მონტაჟის პოლიტიკა განაგრძობს განვითარებას და წლიდან წლამდე უფრო მეტი დამტენი სადგური მონტაჟდება, რაც ხელს უწყობს ელექტრომანქანების რაოდენობის ზრდასა და გამონაბოლქვის შემცირებას. აღსანიშნავია, რომ ევროპა ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და, მაგალითად, 2022 წელს დამტენების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები 20%-ზე მეტით გაზარდა.
ახალ ტექნოლოგიებს მოაქვს გაზრდილი ოპერაციული ეფექტიანობის, ხარჯების შემცირებისა და ადამიანური შეცდომების შემცირების პოტენციალი. „ჭკვიანი“ ქსელი ის მოცემულობაა, როდესაც ტექნოლოგიას გარკვეული რუტინული ფუნქციების შესრულება შეუძლია. აღნიშნული კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, მინიმუმამდე შეამცირონ მომსახურებაში არსებული ხარვეზები, რაც საბოლოო ჯამში მომსახურების მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა.