პირადი ასისტენტი დიდი კომფორტია, ეს კომფორტი კი – ფუფუნება. თანამედროვე სამყაროში, სადაც თავისუფალი დრო ადამიანთა უმრავლესობისთვის თითქმის არ არსებობს და სადაც თითოეული წამი დაგეგმილია, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სერვისების არსებობა, რომლებიც დაგვეხმარება დროის დაზოგვაში, მნიშვნელოვანი საკითხების ორგანიზებასა და დაგეგმვაში და ეს ყველაფერი, რაც მთავარია, სწრაფად, უსაფრთხოდ და დისტანციურადაც მოხდება.
მსოფლიოში არაერთი მსგავსი სერვისი არსებობს, თუმცა მთავარი მისი ხარისხი და ეფექტიანობაა. ასეთი მომსახურების საჭიროება დაინახა საქართველოში ინოვაციების მოყვარულმა “საქართველოს ბანკმა“ და იგი უკვე შესთავაზა თავის მომხმარებელს.
კერძოდ, ბანკის SOLO CLUB-ის წევრებს უკვე რამდენიმე თვეა, ამ კომფორტზე მიუწვდებათ ხელი. “დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენი SOLO Club-ის წევრებს აქვთ სურვილი, სიურპრიზი მოუწყონ მათთვის ძვირფას ადამიანებს: უყიდონ საჩუქარი, დაგეგმონ ღონისძიება და ა.შ., თუმცა ამ ყველაფრისთვის საკმარისი დრო არა აქვთ. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს საჭიროება არსებობდა ჩვენს მომხმარებლებში, და ვინაიდან მუდმივად ვითვალისწინებთ მათ სურვილებს, გადავწყვიტეთ, ეს სერვისი შეგვექმნა და მათთვის შეგვეთავაზებინა“, – აღნიშნა Solo Lifestyle-პროექტის მენეჯერმა ნინო კვაშილავამ. მანამ, ვიდრე SOLO Club-ის წევრებისთვის შექმნილ ამ კომფორტზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მოკლედ მოგიყვებით, თუ როგორ გაჩნდა პირადი ასისტენტის სერვისი.
ცნობილია, რომ ეს იდეა წამოვიდა კონსიერჟის მომსახურებიდან. ფრანგული სიტყვა “კონსიერჟი“ ლათინური consergius-დან მოდის და ასე ადრე გასაღების შემნახველს ეძახდნენ. კერძოდ, შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპაში ციხესიმაგრეებში თავადაზნაურობა სტუმრობდა, კონსიერჟი, სხვა მოვალეობების შესრულებასთან ერთად, ციხესიმაგრეების ოთახების გასაღებებსაც ინახავდა და სტუმრებისთვის უზრუნველყოფდა ყველაფერს, რაც მათ იქ ყოფნის პერიოდში სჭირდებოდათ.
ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად კი სასტუმროებმა მთელ ევროპაში დაიწყეს კონსიერჟის პოზიციების შექმნა, რათა ეზრუნათ თავიანთი სტუმრებისთვის და მათთვის განსაკუთრებული მომსახურება შეეთავაზებინათ. დღეს კი, 21-ე საუკუნეში, მსგავსი სერვისი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამიტომაც ახლა მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ სასტუმროები იყენებენ კონსიერჟების მომსახურებას, არამედ სხვა არაერთი სტრუქტურა, მათ შორის – საავადმყოფოები და ოფისები. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში კი წარმოუდგენელია, ეს მომსახურება დისტანციურად და ვირტუალურადაც არ არსებობდეს.
SOLO Club-ის წევრების პირადი ასისტენტი კი არაერთ, მრავალფეროვან მიმართულებას სთავაზობს მომხმარებელებს. მათ შეუძლიათ მიმართონ მას ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისთვის, რაც უკავშირდება მოგზაურობებს, კერძოდ – თვითმფრინავის ბილეთების ყიდვა/ დაბრუნება/ გადაცვლას, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას, საჩუქრების ყიდვას ახლობლებისთვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც, რაც დროსა და ენერგიას მოითხოვს. როგორც SOLO Lifestyle-პროექტის მენეჯერი ნინო კვაშილავა ამბობს, მომხმარებლები მათ ხშირად მიმართავენ ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც, მათ შორის ბინის ყიდვა/ გაყიდვა/ ქირავნობის საჭიროების შემთხვევაში. დროის დაზოგვის მიზნით მათ ასევე სჭირდებათ პირადი ასისტენტის კონსულტაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აზომვითი ნახაზების გაკეთება, ნებართვების აღება, დიზაინერის მომსახურება და სხვა.
“მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, მოთხოვნების სპეციფიკა, რა თქმა უნდა, შეიცვალა, თუმცა მათი სურვილები კვლავაც უკავშირდება მოგზაურობას. ამჟამად ძირითადად ავიაბილეთებისა და სასტუმროს ჯავშნების გაუქმება სურთ. ასევე გვქონდა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილ ადამიანებს დავეხმარეთ, სამშობლოში რომ დაბრუნებულიყვნენ“, – ამბობს ნინო კვაშილავა. მისივე განმარტებით, დაინტერესება სერვისის ამოქმედების პირველივე დღიდან საკმაოდ დიდი იყო. პრაქტიკამ აჩვენა, რომ თუ მომხმარებელმა ერთხელ მაინც ისარგებლა ამ სერვისით, ის შემდეგ აუცილებლად კიდევ არაერთხელ უბრუნდება SOLO-ს პირად ასისტენტს სხვადასხვა მომსახურების მისაღებად.
მათ შორის ერთ-ერთია SOLO Club-ის წევრი, ეთერ კოზინაც: “პირადი ასისტენტი დამეხმარა შვილისთვის საქართველოში საუკეთესო საჩუქრის ყიდვაში, ასევე დაბადების დღის დეკორატიულ მორთვასა და ბილეთების შეძენაშიც. ეს ძალიან მოსახერხებელია, როდესაც შენ თავად არ გიწევს ფიქრი და სხვადასხვა საკითხის ორგანიზება, მით უმეტეს, თუ დროში ხარ შეზღუდული. რაც მთავარია, ეს ძალიან სანდო მომსახურებაა ძალიან სანდო ორგანიზაციის მხრიდან”. გარდა სტანდარტული, კარგად ნაცნობი მოთხოვნებისა, ზოგჯერ პირად ასისტენტს ძალიან განსხვავებული და წარმოუდგენელი მოთხოვნების დაკმაყოფილებაც კი უწევს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, SOLO Club-ის პირადი ასისტენტის შესაძლებლობები უსაზღვროა.
“პირადი ასისტენტის სერვისს ქმნის ნიჭიერი, გამოცდილი და ძალიან კომპეტენტური გუნდი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებლები არ მოვაქციოთ ჩარჩოებში და არ შევზღუდოთ. მათ აქვთ საშუალება, მოგვმართონ ნებისმიერი თხოვნით. ამასთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვა, ყველა მოთხოვნა ინდივიდუალურია და კონკრეტული მაგალითების გაზიარება გამიჭირდება, თუმცა გვქონია ბევრი წარმოუდგენელი მოთხოვნაც, რომლებიც შეგვისრულებია და ეს ძალიან მახარებს“, – განმარტავს SOLO Lifestyle-პროექტის მენეჯერი ნინო კვაშილავა.
პირადი ასისტენტის უპირატესობები ბევრია – იქნება ეს სისწრაფე, მოქნილობა, მრავალმხრივობა, დისტანციურობა, კომფორტი და სანდოობა, თუმცა მისი კიდევ ერთი და უმთავრესი უპირატესობა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, აქტიურად იყენებენ მომხმარებლები, არის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფების დახმარებაც.
“პირველად ეს იყო 2019 წლის ზაფხულში, როდესაც პირად ასისტენტს ვთხოვე ლიმიტირებული რაოდენობით გამოსული სუნამოს შეძენა ევროპის ერთ- ერთ ქვეყანაში. ჩემი სურვილი ძალიან მალე ასრულდა. გაოცებული ვიყავი, როდესაც ხანმოკლე დროში სასურველი სუნამო გამომიგზავნეს“, – ამბობს SOLO Club-ის წევრი თამთა ჩიქოვანი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. როგორც თამთა ამბობს, ისევე როგორც ყველა ძალიან დაკავებული ადამიანი, გადატვირთული გრაფიკის გამო, ხშირად ვერ ახერხებს საჭირო ინფორმაციის მოძიებას, საჭირო ზარების განხორციელებას და ა.შ. ამას კი მისი პირადი ასისტენტი ზედმიწევნით, იდეალურად ართმევს თავს, თან – უმოკლეს დროში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ SOLO Club-ს აქვს ექსკლუზივი AMEX-თან, რაც იმას ნიშნავს, რომ AMEX Platinum-ბარათის მფლობელებს შეუძლიათ, საერთაშორისო კონსიერჟის მომსახურებით ისარგებლონ. “ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს მომსახურება შეგვეთავაზებინა ჩვენი კლუბის წევრებისათვის და გარკვეული დროის შემდეგ ვაქციეთ ის პირადი ასისტენტის სერვისად, რითაც კიდევ უფრო მეტი მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა მივეცით SOLO Club-ის ყველა წევრს“, – განმარტავს ნინო კვაშილავა.
SOLO CLUB-ის წევრებისთვის კომფორტის შექმნაზე “საქართველოს ბანკის“ კვალიფიციური და ინოვაციებზე ორიენტირებული გუნდი ზრუნავს. SOLO CLUB-ი მუშაობს პირადი ასისტენტის სერვისის კიდევ უფრო დახვეწასა და განვითარებაზეც. როგორც გუნდში ამბობენ, მათგან მომხმარებელი კიდევ ბევრ სიახლეს უნდა ელოდეს. ამ ეტაპზე კი ჯგუფი მუშაობს პირადი ასისტენტის ჩატ- ბოტის შექმნასა და გამართვაზე, რაც ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია კომფორტის შექმნის თვალსაზრისით. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამ დრომდე მომხმარებელს სატელეფონო ზარით შეეძლო პირადი ასისტენტის მომსახურების მიღება, მომავალშიეს შესაძლებელი იქნება ვირტუალურად, ინტერნეტსივრცეშიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ პირადი ასისტენტი SOLO CLUB-ის ერთ- ერთი სერვისია. თავის მხრივ, SOLO CLUB-ი შეიქმნა მათთვის, ვისაც სრულყოფილი და კომფორტული საბანკო და არასაბანკო მომსახურების მიღება სურს. კლუბის წევრებს, გარდა იმისა, რომ ისინი პირადი ასისტენტის მომსახურებით სარგებლობენ, ასევე აქვთ წვდომა სპეციალურად მათზე მორგებულ მრავალფეროვან უპირატესობებზე, მათ შორის: მომხმარებლები განსაკუთრებული საბანკო შეთავაზებების შესახებ ინფორმაციას პირველები იღებენ. როგორც SOLO-ში ამბობენ, ეს არის განსხვავებული საბანკო კონცეფცია, რომლის მთავარი იდეაა, რომ ყველაფერი, რასაც ის მომხმარებელს შესთავაზებს, გამომდინარეობდეს სწორედ მომხმარებლის საჭიროებიდან.
ასე ჩამოყალიბდა და განვითარდა პირადი ასისტენტის იდეაც და დღეს, როდესაც ეპიდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, ადამიანებს სახლში დარჩენის რეკომენდაცია აქვთ და დისტანციურად მუშაობა უწევთ, მსგავსი სერვისის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. პირადი ასისტენტი 24 საათის განმავლობაში, ყოველდღე მზად არის მომხმარებლის სურვილების ასრულებასა და პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის.