აუდიოსტრიმინგის პოპულარულმა შვედურმა პლატფორმა Spotify-მ რეკორდული კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. ამის შედეგად კომპანიის აქციათა ფასი საფონდო ბირჟის გახსნამდეც კი 14%-ით გაიზარდა.
შეიძლება ითქვას, რომ Spotify-ს მიერ შარშან მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შეემცირებინა ხარჯები თანამშრომლების შემცირებისა და მარკეტინგის მიმართულებით ბიუჯეტის შეკვეცის შედეგად, გაამართლა. კომპანიამ გამოთავისუფლებული ფინანსები ახალი მომხმარებლების მოსაზიდად გამოიყენა და პოდკასტების მიმართულებაში ინვესტიციები გაზარდა.
შედეგად, Spotify-ს კვარტარულმა შედეგებმა ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა. 2024 წლის მეორე კვარტალში აუდიოსტრიმინგული სერვისის ფასიანი გამოწერის შესაძლებლობით 246-მა მილიონმა მომხმარებელმა ისარგებლა. გაიზარდა კომპანიის მოგებაც. წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ზრდა 46%-ია და $1.21 მილიარდს შეადგენს. ფინანსური ანალიტიკოსები კი $1.16 მილიარდს ვარაუდობდნენ.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში Spotify-ს შემოსავლები 20%-ით გაიზარდა და $4.13 მილიარდი შეადგინა, რაც თითქმის ზუსტად ემთხვევა მოლოდინებს. სანაცვლოდ, კომპანიამ ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების სამიზნე რაოდენობა ვერ მოიზიდა. Spotify-ს გეგმა 631 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლის მოზიდვა გახლდათ, თუმცა რეალურმა რიცხვმა 626 მილიონი შეადგინა.
შემოსავლებთან და მოგებასთან ერთად გაიზარდა კომპანიის მოგების მარჟაც. წინა კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 27.6% გახლდათ, მეორე კვარტალის მოგების მარჟა კი 29.2%-მდე გაიზარდა.