სტამბოლის აეროპორტმა დატვირთულობის მიხედვით ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. კერძოდ, გამოცემა hurriyetdailynews-ის ცნობით, საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, ევროპაში სტამბოლის აეროპორტმა ყველაზე მეტ რეისს უმასპინძლა.
კერძოდ, 28 ნოემბერს აეროპორტში 471 რეისი შესრულდა, 29 ნოემბერს 542, 30 ნოემბერს კი 496. დაახლოებით ამ რაოდენობის რეისები შესრულდა დეკემბრის პირველ დღეებშიც.
“კვირის ლიდერები კიდევ ერთხელ!! EUROCONTROL-ის მონაცემებით, 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ჩვენი აეროპორტი ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა. ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელ და უსაფრთხო ფრენას“, – დაწერა სტამბოლის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია IGA-მ “ტვიტერზე“.
ცნობისთვის, 7 დეკემბრის მონაცემებით, პირველ ადგილზე 505 რეისით ამსტერდამის აეროპორტია, მეორეზე 502 რეისით სტამბოლის, ხოლო მესამე ადგილს 428 რეისით ლონდონის ჰითროუ იკავებს.