Startup Grind-ის ქართველი სპიკერები, რომლებმაც გლობალური სტარტაპები შექმნეს

Startup Grind-ის ქართველი სპიკერები, რომლებმაც გლობალური სტარტაპები შექმნეს

8-10 ნოემბერს, თბილისი რეგიონულ ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძება იქნება სილიკონის ველისა და ლონდონის კონფერენციების შემდეგ. Startup Grind ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და ანტრეპრენერებისთვის, რომელსაც 600-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს მსოფლიოს 123 ქვეყანაში და ჯამში 2 მილიონ წევრს აერთიანებს.

Startup Grind Europe-Asia Connect საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და თავს მოუყრის 1500-ზე მეტ დელეგატს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, თბილისს 30-ზე მეტი სპიკერი, ანტრეპრენერი, ინვესტორი და წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი ესტუმრება. საერთაშორისო დონის სპიკერები დელეგატებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

მსგავსი მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება არათუ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ გამართულა. ამდენად, ეს რეალური შანსია საქართველოსთვის წარმოაჩინოს მისი პოტენციალი და პოზიციონირდეს როგორც რეგიონალური ჰაბი სტარტაპებისთვის. ეს კი თავის მხრივ, ნიშნავს ქვეყნის და რეგიონის მიმართ გაზრდილ ინტერესს, უცხოური კაპიტალის და საერთაშორისო ტალანტების მოზიდვის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი მოხდეს სწორედ საქართველოში.

Startup Grind-ის ღონისძიება საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი ცოდნის გასაზიარებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი სტარტაპებისთვის. მათ შორის, ეს არის შესაძლებლობა გაიცნოთ ქართველი ანტრეპრენერები, რომლებმაც გლობალური კომპანიები დააფუძნეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს აშშ-სა და ევროპაში:

თამაზ გიორგაძე | RAISIN

დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

“მქონდა პატივი ვყოფილიყავი Startup Grind Tbilisi-ს ღონისძიების სპიკერი, სადაც გამაოცა ორგანიზატორთა ენერგიამ და თავდადებამ, შექმნან ძლიერი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში. ეს პოზიტიური სულისკვეთება მძაფრად იგრძნობოდა. ვფიქრობ, საქართველოს აქვს შანსი გახდეს ტექნოლოგიური სტარტაპების ჰაბი რეგიონში და მის მიღმა. ეს საერთაშორისო ღონისძიება დაეხმარება საქართველოს პოტენციალის კიდევ უფრო გაღვივებაში და 21-ე საუკუნის სტარტაპ რუკაზე პოზიციონირებაში”.

თამაზ გიორგაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი საზღვარგარეთ. მან მოახდინა ორ ასეულზე მეტი მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვა მისი სტარტაპისთვის – Raisin, რომელიც წელს ევროპის ტოპ-5 ფინტეკს და მსოფლიოს ტოპ-10 ფინტეკს შორის დასახელდა. მისი კომპანიის საშუალებით, უკვე განხორციელდა 17 მლრდ. ევროს ტრანზაქცია ევროპის მასშტაბით, რამაც გამოიწვია კომპანიის დაჩქარებული ზრდა და გერმანული ბანკის შეძენა. როგორც Raisin-ის აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ გიორგაძე ზრუნავს პარტნიორი ბანკების მოძიებაზე, ბიზნესის განვითარებაზე და რეგიონულ გაფართოებაზე. Raisin-ის ჩამოყალიბებამდე და განვითარებამდე, თამაზი 10 წელი მოღვაწეობდა კომპანიაში McKinsey & Company, მათ შორის, ბოლო სამი წელი იყო მმართველი, ასევე დანაზოგებისა და ინვესტიციების მიმართულების ხელმძღვანელი EMEA-ს ქვეყნებში.

ჯორჯ არისონი | SHIFT

დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

ჯორჯ არისონი (ირაკლი არეშიძე) კომპანია Shift-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, რომელმაც გადატრიალება მოახდინა მეორადი მანქანების 750 მლრდ. დოლარიან ინდუსტრიაში. კომპანიამ 300 მილიონი დოლარი მოიზიდა, მათ შორის ინვესტიციები Goldman Sachs-ისგან და წამყვარი ვენჩურული კაპიტალისტებისგან. ჯორჯ არისონი ასევე იყო პროდუქტის მენეჯერი Google-ში. 2007 წელს, ჯორჯ არისონი იყო Taxi Magic-ის თანადამფუძნებელი. დღესდღეობით, Taxi Magic-ს აქვს მილიონობით ჯავშანი ყოველწლიურად და ფუნქციონირებს აშშ-ის 50 ქალაქში.

გასულ წელს, სტარტაპ გრაინდის ღონისძებაზე ჯორჯ არისონის სტუმრობის შემდეგ, მან გაიცნო ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერები, რომლებთან ერთად დააფუძნა ერთობრივი კომპანია. ის აქტიურად ეხმარება ახალგაზრდებს ცოდნის გაზიარებით, ასევე სილიკონის ველის წამყვან ვენჩურულ ფონდებთან წარდგენით.