20-21 აგვისტოს, ბათუმში “საქართველოს სტარტაპ სამიტი” გაიმართა, რომელშიც გლობალური გამოცდილების მქონე ვენჩერული კაპიტალისტები, ანგელოზი ინვესტორები, სტარტაპერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები მონაწილეობდნენ. სამიტის ფარგლებში “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებაც შედგა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული ფონდი, Pegasus Tech Ventures-ია.
სტარტაპების წლევანდელ კონკურსში Telagri-მ გაიმარჯვა, ანუ სწორედ Telagri გახდა ის ქართული სტარტაპი, რომლის დამფუძნებლები მიმდინარე წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სილიკონის ველზე გაემგზავრებიან, სადაც “სტარტაპების მსოფლიო თასში” საქართველოს სახელით ჩაებმებიან და $1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებენ.
ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Telagri-ის მოქმედების არეალი საქართველოსთვის კარგად ნაცნობი სექტორი – სოფლის მეურნეობაა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა. თუმცა ტექნოლოგიებისა და ფინანსების გარდა, ფერმერებს, ხშირად, სპეციფიკური ცოდნა, გამოცდილება და ნოუჰაუ სჭირდებათ, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ არსებობდეს.
აი, სწორედ ამ ცოდნის ფერმერებამდე მიტანას ემსახურება Telagri, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ფერმერებს და აგრონომებს ერთმანეთს აკავშირებს. ფერმერისა და აგრონომის კონსულტაცია ონლაინრეჟიმში ხორციელდება, ხოლო მომსახურება საკმაოდ მარტივია.
თავისი არსით, სოფლის მეურნეობა ერ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიაა მსოფლიოში, რადგან მიწის ნაკვეთზე გაშენებული კულტურის მოსავლიანობა პირდაპირაა დაკავშირებული პროცესში გამოყენებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ამინდიც ასრულებს, რომელიც, ზოგადად, ეგზოგენურ, ანუ ფერმერის კონტროლს მიღმა არსებულ ფაქტორადაა მიჩნეული, მაგრამ ტექნოლოგიების გამოყენებით და ექსპერტების ჩართულობით, ცუდი ამინდის გავლენის შემცირებაც შესაძლებელია. ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Telagri სწორედ ამ მიმართულებაზე ფოკუსირდება და ოქტომბერში, საკუთარ ნოუჰაუს სილიკონის ველზე წარადგენს.
“საქართველოს სტარტაპ სამიტი” ბათუმში წელს მესამედ ჩატარდა. ორი წლის წინ, “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებაში Theneo-მ გაიმარჯვა, რომელმაც სილიკონის ველზე მიღებული გამოცდილებით Web Summit-ის სტარტაპ-კონკურსში გაიმარჯვა და გლობალური აღიარება მოიპოვა, ხოლო შარშან, საქართველოს სახელით კონკურსში Artisio მონაწილეობდა, რომელიც ფინალში გავიდა და ჩვენს ქვეყანას სახელი გლობალურ არენაზე გაუთქვა. წელს, საქართველოს სახელით სტარტაპების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შეჯიბრებაში Telagri ჩაერთვება, რომელიც გლობალური ინვესტორებისგან დადებითი შეფასების მოპოვებას ოქტომბერში, კალიფორნიაში შეეცდება.
2024 წლის “საქართველოს სტარტაპ სამიტი” და “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრება ბათუმში საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და Startup Connect-ის ორგანიზებით გაიმართა. “სტარტაპების მსოფლიო თასის” შეჯიბრებაში თერთმეტი ქართული სტარტაპი ჩაერთო, ესენია: Awork, Arena Games, Biliki AI, CALEN AI, Forma Healthy, Klipy, Lawformer, Ranko, Sidekick, Telagri და Wempler.
“საქართველოს სტარტაპ სამიტი” მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ სტარტაპებისთვის, რომლებიც ახალ კავშირებს ამყარებენ და ინვესტორებისგან პროდუქტის შესახებ უკუკავშირს იღებენ, რაც მოტივაციის გაზრდაში და იმპულსის შენარჩუნებაში ეხმარებათ, ასევე ქვეყნისთვის, რომელიც წლებთან ერთად გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემების რუკაზე უფრო და უფრო დიდ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. S