სტატისტიკისა და რეიტინგების პლატფორმა Statista-მ 2023 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. მან ამისთვის ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 28 ქვეყნიდან 80 000-ზე მეტმა სამედიცინო სფეროს პროფესიონალმა მიიღო. დამატებითი კვლევა პაციენტების გამოკითხვებსა და საავადმყოფოს მონაცემებთან დაკავშირებით მოპოვებულ იქნა Newsweek-ისა და Statista-ს ერთობლივი ძალისხმევით.
Statista-სა და Newsweek-ის რეიტინგის მიხედვით, 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოებიდან პირველი ოთხი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე, შესაბამისად, ვხვდებით მეიოს კლინიკას როჩესტერში, კლივლენდის კლინიკას კლივლენდში, ჰარვარდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს, ცნობილს როგორც მასაჩუსეტსის გენერალური ჰოსპიტალი ბოსტონში და ჯონ ჰოპკინსის საავადმყოფოს ბალტიმორში, მერილენდში. აქვე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 25 საუკეთესო საავადმყოფოს შორის აშშ-ის 10 წარმომადგენელია.
ათეულში ევროპული ქვეყნებიდან სამი საავადმყოფო მოხვდა. მათ შორის ერთი სოლნაში, შვედეთში მდებარეობს, მეორე – გერმანიაში, ბერლინში და მესამე კი – საფრანგეთში, პარიზში.
ტოპ-ათეულს ამთავრებს სინგაპურის გენერალური საავადმყოფო და აშშ-ში, ლოს-ანჯელესში მდებარე UCLA Health, რონალდ რეიგანის სახელობის სამედიცინო ცენტრი.
Statista-სა და Newsweek-ის მიხედვით, 2023 წლისთვის მსოფლიოს ტოპ-ათი საუკეთესო საავადმყოფო:
#1 Mayo Clinic – როჩესტერი, აშშ
#2 Cleveland Clinic – კლივლენდი, აშშ
#3 Massachusetts General Hospital – ბოსტონი, აშშ
#4 John Hopkins Hospital – ბალტიმორი, აშშ
#5 Toronto General – University Health Network – ტორონტო, კანადა
#6 Karolinska Universitetssjukhuset – სოლნა, შვედეთი
#7 Charité – Universitätsmedizin – ბერლინი, გერმანია
#8 AP-HP – Hôpital Universitaire Pitié Salpêtrière – პარიზი, საფრანგეთი
#9 Singapore General Hospital – სინგაპური, სინგაპური
#10 UCLA Health – Ronald Reagan Medical Center – ლოს-ანჯელესი, აშშ