Student Hunt • ფასდაკლებების სუპერაპლიკაცია ქართველი სტუდენტებისთვის

Student Hunt • ფასდაკლებების სუპერაპლიკაცია ქართველი სტუდენტებისთვის

სტუდენტური ფასდაკლებებისა და შეთავაზებების აპლიკაცია Student Hunt-ი ბაზარზე ორი თვის წინ გაეშვა. აპლიკაცია სტუდენტებს ეხმარება მათთვის საყვარელი ბრენდების უნიკალური და სასურველი პროდუქცია ერთ სივრცეში იპოვონ, ხოლო კომპანიებს საშუალებას აძლევს, მომხმარებელს თავიანთი შეთავაზებები, მარკეტინგული დანახარჯების მინიმიზაციით, წარუდგინონ.

Student Hunt-ის გუნდი ოთხ თანადამფუძნებელს – სანდრო კანდელაკს, გურამ ლაცაბიძეს, ლევან მელიქიშვილსა და გოგა საათაშვილს – აერთიანებს და ახლა უკვე ათზე მეტ ადამიანს ითვლის. სამომავლო გეგმებსა და არსებულ მონაცემებზე Forbes-თან სტარტაპის თანადამფუძნებელმა სანდრო კანდელაკმა ისაუბრა.

სტარტაპზე მუშაობა გუნდმა 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. აპლიკაციის გაშვებამდე მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ პარტნიორებთან და პროდუქტის გამართვაზე მუშაობა. Student Hunt-ის ძირითადი სამიზნე აუდიტორია Gen Z-ია. შესაბამისად, აპის შექმნის ისტორიაც „თაობა ზეტის“ გამოწვევებს უკავშირდება, რომლებიც სტარტაპზე მუშაობის პროცესში, სტუდენტებთან ციფრული კომუნიკაციისას გამოიკვეთა.

როგორც Forbes-თან საუბრისას Student Hunt-ის თანადამფუძნებელი სანდრო კანდელაკი აღნიშნავს, სტარტაპის შექმნის იდეა განვითარდა ამ სეგმენტისთვის არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების შემდეგ და მიზნადაც მათი პრობლემების მაქსიმალურად შემცირება დაისახა.

„Gen Z ციფრულ და ტრადიციულ მარკეტინგულ კომუნიკაციაზე მაღალი რეზისტენტულობით გამოირჩევა, რაც კომპანიებისთვის მოცემულ სამიზნე აუდიტორიასთან მარკეტინგულ ხარჯებს დაახლოებით 4-ჯერ ზრდის. თუმცა აღნიშნული ჯგუფის მსყიდველობითი უნარი ყოველდღიურად იზრდება და, შესაბამისად, იმატებს მათით დაინტერესებაც კომპანიების მხრიდან. პარალელურად კი სტარტაპის შექმნის იდეა განვითარდა ამ სეგმენტისთვის არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების შემდეგ და მიზნად სწორედ სტუდენტთა პრობლემების მაქსიმალურად შემცირება დავისახეთ“.

Student Hunt-ი ახლა უკვე სტუდენტების ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. აპლიკაციად, სადაც მათთვის საყვარელი ქართული თუ გლობალური ბრენდების შეთავაზებებისა და პროდუქტების ნახვა და მათი 70%-იანი ფასდაკლებით შეძენაა შესაძლებელი. მომავალში კი Student Hunt-ი სტუდენტური სუპერაპი იქნება, რომელიც მათ განვითარებას, დასაქმებას და პიროვნულ/კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს.

აპლიკაცია სულ რაღაც ორი თვეა, რაც გაეშვა და უკვე 6,000-ზე მეტ ვერიფიცირებულ სტუდენტს აერთიანებს. Student Hunt-ი პერიოდულად ტოპ-ჩარტების პირველ ადგილზეა და ტრენდულობით ყველაზე რეიტინგულ აპებსაც ასწრებს. ჩართულობა მაღალია სოციალურ ქსელებშიც, ვიდეოთა ორგანული ნახვები 100 ათასს აღწევს, მაღალია Retention rate-ი და აპის გადმოწერის დინამიკა.

აპლიკაციას ყოველდღიურად 2-3 კომპანია ემატება. ახალი კომპანიების დამატებისას ხდება მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებაც. სპეციალური ფორმების საშუალებით სტუდენტებს საშუალება აქვთ, Student Hunt-ს შესთავაზონ კომპანიები, რომელთა ხილვასაც აპლიკაციაში ისურვებდნენ. პლატფორმაზე პარტნიორებისთვის შეთავაზებების განთავსება სრულად უფასოა, თუმცა ვალიდაციისთვის აუცილებელია ბრენდმა დაამტკიცოს, რომ სტუდენტთა სეგმენტზე მუშაობს და მათთვის საინტერესო და საჭირო პროდუქტს ქმნის. Student Hunt-ის პარტნიორ კომპანიებს შორის უკვე არიან „თეგეტა მოტორსი“, „სქილვილი“ „მინისო“, „სოკარი“.

„კომპანიებისთვის Student Hunt-ი დამატებითი გაყიდვების არხია, სადაც შეთავაზებების გავრცელებასა და სტუდენტების დაინტერესებაზე ჩვენ ვზრუნავთ. ამასთან ერთად კი, იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების განთავსება სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია, თავად კომპანიების მხრიდან დაინტერესებაც პარტნიორობაზე საკმაოდ მაღალია“.

როგორ მუშაობს აპლიკაცია? – კომპანიები, რომელთაც სტუდენტებისთვის საინტერესო შეთავაზებების გაკეთება სურთ, Student Hunt-ს უკავშირდებიან და სრულად უფასოდ, ათავსებენ მათ პროდუქტს პლატფორმაზე. სრულად უფასოდ შეუძლიათ აპლიკაციის გადმოწერა და შეთავაზებების გააქტიურება სტუდენტებსაც. რეგისტრაციისას, სისტემა სტუდენტის ვერიფიკაციას ახდენს, რის შემდეგაც მომხმარებელს საშუალება აქვს, საინფორმაციო ფიდზე ნახოს როგორც მისი ინტერესის მიხედვით სორტირებული შეთავაზებები, ასევე აირჩიოს კონკრეტული კატეგორია.

„კოდის მიღების“ ღილაკზე ხელის დაჭერით, მომხმარებელი სასურველი შეთავაზების QR-კოდს იღებს და უკავშირდება აღნიშნულ კომპანიას, რათა ისარგებლოს შეთავაზებაში არსებული ფასდაკლებით ან სხვა ბენეფიტით.

თუმცა, Student Hunt-ი მხოლოდ ფასდაკლებების სივრცე არ იქნება და სამომავლოდ, სტუდენტებს დიდი მიზნების მიღწევაშიც დაეხმარება. ამას კი მათი პრობლემების იდენტიფიცირებითა და მოგვარების გზების აპში ინტეგრირებით შეძლებს. სტუდენტებითვის პირველი ყველაზე დიდი და გამოხატული გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, რის მოგვარებასაც აპლიკაციაში მათი საყვარელი ბრენდების შეთავაზებები შეუწყობს ხელს. სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, Student Hunt-ში ყველა კომპანია ვერ მოხვდება, რომელთაც უბრალოდ გაყიდვების სტიმულირება სჭირდებათ და შეიქმნება სივრცე, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს სტუდენტთა ინტერესებს.

„სამომავლოდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვაკანსიებისა და სტუდენტებზე მორგებული უამრავი საჭირო ფუნქციონალის დამატება იგეგმება. ვგეგმავთ, რომ ფასდაკლებებისა და შეთავაზების აპიდან სტუდენტურ სუპერაპად ვიქცეთ და ბაზარზე არსებულ უდიდეს GAP-ს ამით ვუპასუხოთ. აქვე გაგიმხელთ, რომ ახალ ბაზრებზე გასვლისა და საინვესტიციო რაუნდის გახსნისთვის ვემზადებით, რის შესახებ ინფორმაციასაც მალე გაგიზიარებთ“.